LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულწრფელი ღვინოებია, შრომით და სიყვარულით დამზადებული“ – ქეთოს და გოგიტას ამბავი „მაკარიძის მარანში“ 

1241
მაკარიძე (4)

თუ ბუნებრივი მეღვინეობა გიყვართ და გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ღვინის სიყვარულმა ცხოვრებაში მეორე ნახევარი გაპოვნინოთ, თერჯოლაში „მაკარიძის მარანს“ უნდა ესტუმროთ. გოგიტა მაკარიძე იმერეთში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მამაპაპეულ სახლში ბუნებრივი მეღვინეობა წამოიწყო და მარანი დააფუძნა. 2008 წლიდან მან საკუთარი სახსრებითა და ძალისხმევით ვენახების გაფართოება შეძლო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ქეთოს გამოჩენამდე სრულყოფილად საქმის გაკეთება რთული იყო.

ღვინის სიყვარულმა მომიყვანა აქამდე. გასინჯული მქონდა „მაკარიძის ღვინო“. რომ ჩამოვედი და გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი აზრები ძალიან დაემთხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდე ბუნებას, სცე პატივი გარემოს და არ დააზიანო ის, რასაც აკეთებ. გადავწყვიტეთ, ჩვენი გზები დაგვეკავშირებინა ერთმანეთს, გოგიტამაც მიმიღო და ერთად გავაგრძელეთ საქმიანობა“, – გვიყვება ქეთო, რომელიც მაკარიძეების ოჯახის წევრი 2020 წლიდან გახდა.

როგორც ქეთო ფუტურიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მეუღლესთან ერთად საერთო საქმეს გააკეთებდა, თუმცა დღეს მიაჩნია, რომ თანაცხოვრების და საქმის ერთად კეთების შედეგად, წარმატებების მიღწევა უმარტივდებათ.

„ვერ წარმომედგინა იქამდე, როგორ შეიძლება, მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ატარებ მთელ ცხოვრებას, საქმიანობაშიც იყო ჩართული. თანაცხოვრების ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რაც უფრო ერთნაირები ხართ, იმდენად ერთნაირად აზროვნებთ, რომ პირიქით ერთად გატარებული ყოველი წუთი დიდი ბედნიერებაა და საქმეც უფრო მარტივად გამოგვდის. შესაბამისად, მეტ წარმატებას ვაღწევთ. უერთმანეთოდ, პრაქტიკულად არ ვატარებთ დროს და არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ“, – ამბობს ქეთო.

როგორც წყვილი გვიყვება, ვენახებს მხოლოდ ბიო და ორგანული მეთოდებით უვლიან, შესაბამისად, ღვინოს მხოლოდ სუფთას და ნატურალურს აყენებენ. მათი თქმით, ეს არის მთავარი იდეოლოგია, რაშიც ზუსტად გაუგეს ერთმანეთს. მაკარიძეების მევენახეობა-მეღვინეობა დღეს ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 8 სახეობის ღვინის წარმოებას მოიცავს.

„ქეთოს გამოჩენამდე დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ სრულყოფილად ვერ ვაკეთებდი საქმეს, უფრო ფართო არეალი გაგვეხსნა. არ წარმომედგინა, რომ ჩემი მეუღლე ვენახში იმუშავებდა ასეთი დატვირთვით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მასაც ასე ეყვარებოდა ბუნება. ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ და ყველაფერი ბუნებრივად გამოგვდის. მაგალითად, არ ვხარჯავთ თანხას მარკეტინგზე“, – ამბობს გოგიტა.

„იმდენად რთული და შრომატევადი საქმეა, რომ არ გიყვარდეს, ძალით ვერ გააკეთებ, ტანჯვა-წამება იქნებოდა. ყოველდღიურად სიცხეში, სიცივეში, თოვლში, ქარში რომ გიწევს, ვენახში ჩასვლა და მუშაობა. თუ ეს საქმე არ გიყვარს და ამის არ გჯერა, ძალით ვერ გააკეთებ. და თუ მით უმეტეს, ეს შენი საარსებო წყაროა. ძალიან გაგვიმართლა და ის ერთეული ადამიანები ვართ, რომლებიც მართლა სიამოვნებისთვის ვცხოვრობთ და ჩვენი საქმიანობიდან სიამოვნების გარდა, ფინანსური სარგებელიც გვაქვს. იმდენად გულით და სულით ვართ ჩართულები, რომ მგონია, ეს ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ღვინოებში და ამას ხალხიც ხედავს. და ამიტომაც არის, რომ ასეთი დაფასება აქვს ამ ღვინოს. გულწრფელი ღვინოებია, შრომით და სიყვარულით დამზადებული“, – გვიყვება ქეთო.

„მაკარიძის მარნის“ ღვინოს მხოლოდ იმ ქვეყნებში და საქართველოშიც მხოლოდ ისეთ ადგილებში შეხვდებით, სადაც ბუნებრივ მეღვინეობაზე არის მოთხოვნა. ყველაზე დიდი ბაზრები, სადაც „მაკარიძის ღვინო“ შედის აშშ, დანია და ჩინეთია. როგორც ქეთო და გოგიტა გვიყვებიან, მათი პროდუქტი შვედეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ნორვეგიის, იაპონიისა და ტაივანის ბაზრებზეც გადის. ბუნებრივი მეღვინეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი დღეს ვენახების გაფართოება და აგროტურიზმის განვითარებაა.

„სტუმარმასპინძლობა იმერეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებაა. ჩემი მეუღლე კულინარია და სტუმრების მისაღებად ესეც დაგვეხმარება. ძალიან გვინდა, რომ ტურისტული ცენტრი გავაკეთოთ და აქ ვუმასპინძლოთ ტურისტებს. ამის გაკეთება ჯერ რთულია, რადგან დამხმარე არ გვყავს, ვენახშიც ჩვენ თვითონ ვმუშაობთ“, – ამბობს გოგიტა.

თერჯოლაში ჩასულ სტუმრებს გოგიტა და ქეთო შეზღუდული რესურსით, თუმცა დიდი სიხარულით და ნატურალური პროდუქტით ზღაპრულ სივრცეში დღესაც მასპინძლობენ. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში „მაკარიძის მარნის“ აგროტურიზმის სექტორში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის და როგორც იმერეთის, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცევა.