LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმათში აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები: შსს

78
Untitled design (1)

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს:

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ გუმათში “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა.

აქციის მონაწილეებს სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაუკეტა.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ რკინის ბარიერები დილითვე დახვდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g