LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმიჯშეცვლილი რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ახალ დუეტს წერს: „სიყვარული ვიცი გულის წასვლამდე…“

2029
ratodurglishvili2035

რატი დურგლიშვილმა თავისი ბოლო დროს შეცვლილი იმიჯით ყველა გააკვირვა. მომღერალმა, უბრალოდ, წვერი გაიპარსა და თავისი ახლო მეგობრები ძლივს ცნობდნენ. სიახლეს უკვე შეეჩვივნენ, თუმცა მაინც უკვირთ, როგორი სხვანაირია მათი მეგობარი წვერის გარეშე.

რატიმ fortuna.ge-სთან ისაუბრა ამ სიახლის და ასევე თავის მოვლის, ახალი გატაცებისა და პროფესიასთან დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, ექსკლუზიურად გაგვიმხილა საინტერესო მუსიკალური სიახლე, რომელიც დუეტ „ჯორჯიას“ თაყვანისმცემლებს გაახარებთ.

რატი დურგლიშვილი:

ძალიან მალე მბეზრდება ერთი და იგივე იმიჯის ტარება. წვერი, ზოგადად, ყველა მამაკაცს უხდება. მეც წვერის ტარების ერთ-ერთი მოყვარული ვარ. ზოგადად, მცირე ცვლილებაც თუ შემაქვს გარეგნობაში, რადიკალურად ვიცვლები. ეს მომწონს. სიახლეა და თვალს არ ბეზრდება. ჩემთვისაც უცხოა. ერთი და იგივე არ გამოდის და კარგია. ზოგადად, ჩემს ვიზუალზე წონა ძალიან აისახება.ზუსტად ვიცი, რამდენიმე კილოც რომ მოვიმატო, როგორ გამოვიყურები. ყოველთვის იწვევს ეფექტს, როდესაც სასურველ წონაზე ვარ, როგორც მაგალითად, ახლა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წელს მივუკაკუნე, წვერს რომ ვიპარსავ და სასურველ წონაზე ვარ, ადამიანებს მართლა არ სჯერათ, რომ ამდენი წლის ვარ (იცინის). ჩემთვის ასაკს პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს. გენეტიკაც მნიშვნელოვანია, დედ-მამაც სულ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ ასაკთან შედარებით. ვიზუალზე ასევე ძალიან მოქმედებს ხასიათი და განწყობა. მამაც ძალიან ლაღია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაიტანა, უბედნიერესია და მეც ასე ვარ. აუარებელ პრობლემაში ვცხოვრობთ, მხოლოდ მე კი არა, მთელი ერი, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ. მგონი, მთლად კარგად ვერ ვარ (იცინის), თუმცა ეს ისედაც ვიცოდი.

ანუ ბევრი ბედნიერება ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს…

რაც შეეხება ნაოჭების გასწორებას, მსოფლიოში მიღებულია და ბევრი მიმართავს, მაგრამ მე ჯერ არ მიმიმართავს.

არადა, ახალ ფოტოზე რომ გნახეს, ზოგი კითხულობდა, სახეზე რამე ჩარევას ხომ არ მიმართაო?

(იცინის) ნამდვილად არაფრისთვის მიმიმართავს. ხომ ვამბობ, წვერის გაპარსვამ გააჩინა ეს მოსაზრება. გარდა ამისა, განწყობაზე ვსაუბრობდი და ბავშვობიდან გამოვიმუშავე და კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში გამოსავალს ვეძებ და არ მივეცემი ხოლმე თვითგვემას. ნერვიულობა რომ ვიზუალზე არ აისახება, ვფიქრობ, ესაა იმის მიზეზი, რომ კარგად გამოვიყურები.

მაინც, თავის მოვლის კუთხით არაფერს მიმართავ?

დედას გეფიცები, ამას წინათ, დედაჩემი მეხმარებოდა სახლის დალაგებაში და უამრავი ვადაგასული გაუხსნელი თავის მოვლის საშუალება გადავყარეთ. არც გამიხსნია. არ ვარ ის ტიპი, რომ სახეზე კრემები ვისვა. რამდენჯერმე მოვსინჯე, რაც გამომიგზავნეს, უძვირფასესი ხაზებიდან. ვაღიარებ, რომ მეორე დღეს სულ სხვანაირი ვიზუალი გაქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად ვუვლი თავს, მით მეტად ვატყობ დეფექტებს, რაც ყველა ადამიანს აქვს. ასე რომ, მირჩევნია, ისე გავაგრძელო, როგორც აქამდე ვიყავი (იცინის).

გამორიცხავ ჩარევას წლების შემდეგ?

არანაირად არ გამოვრიცხავ. წლების შემდეგ დიდი სიამოვნებით ჩავერეოდი, პროცედურებს გავიკეთებდი, ოღონდ არა გადამეტებულად. არ მიკვირს ეს ამბავი. ზოგადად, მომხრე ვარ ჩაერევების, როცა ადამიანს რაღაც არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში. რატომაც არ უნდა გაიკეთოს ადამიანმა ცხვირის ოპერაცია, თუ ეს მის ვიზუალს უკეთესს გახდის?!. ახლა რისი გაკეთებაც მინდა, ეს ტატუა, მაგრამ ისევ ჩემი ხასიათის გამო, რომ მობეზრება ვიცი სწრაფად, ვერ გადავწყვიტე.

გვითხარი, ვინ როგორ გამოგეხმაურა ახალ ფოტოზე?

რატომღაც ჩათვალეს, რომ სხვისი ფოტო გავაზიარე (იცინის).

იმდენი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და თავიდან მეც გამიჭირდა ცნობა…

მწერდნენ, ნუ მაიმუნობო… მერე ვპასუხობდი, მე ვარ, მე ვარ-მეთქი, მაგრამ არ იჯერებდნენ. ზოგადად, ძალიან თბილი კომენტარები იყო, რაც ძალიან სასიამოვნოა. თუკი ვინმე ნეგატიურს დაწერს, ესეც გასაგებია, მისი აზრია, მაგრამ იშვიათად შემხვედრია. საერთოდ, ადამიანების გაკიცხვას თავად ძალიან ვერიდები და როგორც ჩანს, ადამიანებში აგრესიას არც თავად ვიწვევ. ზოგადად, ადამიანების აზრს ვითვალისწინებ და მაინტერესებს.

ახლა ყველაზე მომაბეზრებელ კითხვას დაგისვამ. 39 წლის რომ ხარ და მარტო ხარ…

ვცდილობ, აქტიურად ვიცხოვრო. შრომაში ძალიან სწრაფად გადის დრო. ახლახან დავასრულე ობიექტი, რომელიც ჩემი ხელით გავაკეთე, მალე გაიხსნება. ყველაფერზე თავად ვიმუშავე, ბეტონიც ჩემი ხელით ჩავასხი. ჩემს თავს ვუმტკიცებ, რა შემიძლია. პირადი ცხოვრებისთვის დროს ვერ ვნახულობ ნამდვილად.

პირადისთვის დრო გენანება?

სიყვარულს არ ვუარყოფ, რა სისულელეა. ეს ჩვენი მთავარი მისიაა ამქვეყნად. იცი, როგორი სიყვარული ვიცი? შემიძლია, ყველაფერი დავივიწყო, მათ შორის პროფესიაც. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ორჯერ მყვარებია ძალიან ძლიერად, აქედან ერთხელ ისე, რომ ვერც აღვწერ სიტყვებით. ზრუნვა, სიყვარული, ყველაფერი გაერთიანებული იყო… გულის წასვლამდე სიყვარული ვიცი, სული რომ მეხუთება… კატასტროფულად დიდი სიყვარული ვიცი. სიმართლე გითხრა, ალბათ, მეშინია კიდეც ქვეცნობიერად. ალბათ, ღმერთი მეხმარება, რომ მაგ უფსკრულში არ გადავვარდე (იცინის). ჩემი პროფესიის უარყოფა ზუსტად იმ სიყვარულს უკავშირდება. ძალიან კარგ რელსებზე ვიდექი და სამწუხაროდ, საკუთარ თავს გავუკეთე ასეთი რამ, პროფესიას ცუდად მოვექეცი. თუ უარი უთხარი, ნაკადულივითაა და შეიძლება, შეგიწყდეს. ბედნიერება ისაა, რაშიც თავად იპოვი ბედნიერებას – ოჯახი თუ სპეციალობა, შენი გადასაწყვეტია.

ამ ბოლო დროს ვერ ამოვხსენი ერთი რამ – უამრავი ადამიანი დაემსგავსა რობოტს. ეს ტრენდულია ახლა, მესმის, რაც უფრო უემოციო ხარ, გაყინული სახით და ნაკლებ კომპლიმენტს გასცემ, მოდაშია თითქოს. ასეთი ადამიანების მიმართ გული მიცივდება. ასე რომ, შესაძლოა, შესაფერისი ადამიანი ვერც ვიპოვე… ესეცაა მიზეზი. მთელი ცხოვრება დაკვირვებას ვაწარმოებ ადამიანებზე, ხანდახან წინ ვიღაც მიდგას და ზუსტად ვიცი, რაზე ფიქრობს… მიმაჩნია, რომ ემოციების გარეშე ყოფნა კარგი არ არის.

სიმღერის პარალელურად, ინტერიერის დიზაინით სერიოზულად აპირებ დაკავებას?

დაკარგულ წლებს ვინაზღაურებ, რადგან ამას უკავშირდება ჩემი პირველადი პროფესია. სიმღერაზე უარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. სხვათა შორის, თქვენ გეტყვით პირველად, რომ მე და მაკა ზამბახიძე ვაპირებთ, ჩავწეროთ ერთობლივი ახალი სიმღერა, რომელიც მე დავწერე. მაკასთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ჩვენი დუეტისთვის კიდევ ორი სიმღერის იდეა მაქვს (იღიმის). ვფიქრობ, ჩვენს ერთობლივ სიმღერაზე კლიპსაც გადავიღებთ.

დუეტი „ჯორჯია“ აღდგება, ასე გამოვიდა?

ვფიქრობ, ჩემი და მაკას დუეტი მსმენელს ძალიან უყვარს და გვინდა, ეს სიამოვნება კვლავ ვაჩუქოთ. ბევრი ადამიანისთვის ჩვენი დუეტი აქტუალური იყო. „ჯორჯიას“ რაც შეეხება, როცა გვინდა, ერთად ვიმღერებთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. რატომაც არა?!.. ჩემი და მაკას ისტორიაა… მთელი გულით და სულით გვინდა, მსმენელს ახალი სიმღერა ვაჩუქოთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები