“ექსპორტის მიმართულებით, ქართველმა მეღვინეებმა უფრო მეტად ხარისხზე უნდა გააკეთონ აქცენტი. უცხოეთის ბაზარზე კონკურენცია დიდა, მაგრამ ღვინის მწარმოებლებმა ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ”, – ამბობს ღვინის კომპანია “ნიამორის” დირექტორი გიორგი ბოჭორიშვილი.

როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სააგენტო მარკეტინგული აქტივობების განხორციელებით, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ ღვინის კომპანიებს გაუკვალოს გზა უცხოურ ბაზრებზე.

ჩვენი ღვინო ხშირად იგზავნება პერსონალური გრავირებით კონკრეტულ პიროვნებებთან საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში და აშშ-ში. მყიდველები ძირითადად ქართველები არიან, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, საქართველო წარმოაჩინონ. ექსპორტის ძირითადი ნაწილი ამ კუთხით ხორციელდება”, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ღვინის ხარისხზე გაკეთდეს და კონტროლის მექანიზმების გააქტიურებით, ფალსიფიკაციის შემთხვევები მაქსიმალურად შემცირდეს.

“ფალსიფიკაცია გარკვეული დოზით და ასევე ყველგან ალბათ მუდმივად იარსებებს. ამის საპირწონედ მივესალმები იმას, რომ საქართველოში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან დაინერგა შიდა სერტიფიცირება. კონტროლის მექანიზმები აუცილებელი და საჭიროა, ის არ უნდა გადაიზარდოს ბიუროკრატიაში და მოწესრიგებული უნდა იყოს ეს საკითხი. ის, ვინც აწარმოებს არაჯანსაღ პროდუქციას,  არ უნდა იყოს ბაზარზე წარმოდგენილი”, – ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები