უმსხვილესი ვიდეოპლატფორმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს საკუთარ არხზე წვდომას უზღუდავს.
დონალდ ტრამპი “იუთუბზე” ერთი კვირის განმავლობაში მასალის განთავსებას ვერ შეძლებს.
გადაწყვეტილება ინტერნეტპლატფორმამ გუშინ მიიღო, მიზეზად კი პორტალის პოლიტიკისთვის შეუფერებელი ვიდეო დაასახელა, რომელიც პრეზიდენტმა განათავსა.
გავრცელებული ინფორმაციით, ატვირთული მასალა ხელს უწყობდა ძალადობის წახალისებას. ვიდეო უკვე წაშლილია. მასალის შინაარსსა და დეტალებზე კომპანიაში არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში გადახედავენ.
“პოტენციური ძალადობის შემცველი შინაარსის გამო, განხილვის შემდეგ ჩვენ წაშალეთ დონალდ ტრამპის არხზე ატვირთული ახალი მასალა და მას დავუწესეთ შეზღუდვა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის დარღვევის გამო. მას ახალი მასალის ატვირთვა ეკრძალება შვიდი დღის განმავლობაში, ეს პერიოდი შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს.” – ამბობს “იუთუბის” სპიკერი.
კომპანია ასევე გეგმავს დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რათა გაუქმდეს კომენტარები ტრამპის არხზე განთავსებულ ვიდეოებზე.
“ტვიტერმა” დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ დაუბლოკა
“იუთუბის” პოლიტიკის თანახმად, ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ორკვირიანი შეზღუდვა ამოქმედდება, დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში კი პლატფორმის გამოყენება მომხმარებელს სამუდამოდ აეკრძალება.
ამ დრომდე, “იუთუბი” იყო დარჩენილი ერთადერთი ძირითადი სოციალური მედიაპლატფორმა, რომელმაც ტრამპის ანგარიშები არ დაბლოკა.
6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, სხვადასხვა სოციალურმა მედიამ პრეზიდენტის ინფორმაციის შესაჩერებლად სხვადასხვა ზომას მიმართა.
როგორც ინტერნეტპლატფორმები აცხადებენ, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული მასალები შეიცავს ძალადობის მოწოდებებს, სწორედ ამიტომ “ფეისბუქმა” ტრამპის ანგარიში “განუსაზღვრელი ვადით” შეაჩერა, ხოლო “ტვიტერმა” სამუდამოდ დაბლოკა.