კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს” საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებული ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა საკუთარი შუამდგომლობის წარდგენისას გააჟღერა.
სახელმწიფო ბრალმდებელი მსახიობის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
გოგოლაძის განმარტებით, კახა აბუაშვილი განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებს.
„საღამოს საათებში, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დაზარალებული თამარ მეგრელიშვილი, ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.
ასევე, დანით დაემუქრა დაზარალებულს”,- განაცხადა გოგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.
„კაბუ“ ქალზე ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს – ადვოკატი