LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა, ოლიგარქის წოდება თქვენი პრობლემაა – სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია

174
სააკაშვილი ივანიშვილი

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. 

ევროკომისიის რეკომენდაციებში საქართველოსთან დაკავშირებით დეოლიგარქიზაციის ნაწილზე შეკითხვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, აცხადებს, რომ საქართველოში გვყავს ისეთი ცნობილი ოლიგარქები, როგორებიც არიან, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება ამ ოლიგარქებს შორის? – კობახიძემ უპასუხა, რომ „ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის ნაგულისხმები“.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ასევე, კეზერაშვილი მეორე ოლიგარქი, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ოლიგარქების დასრულება ბუნებრივია, არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

რა თქმა უნდა, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავის კონკრეტული წარსულით, გარდა ბიზნესმენისა ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი საქართველოში, აქედან გამომდინარე აქ საუბარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წელი, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ.

ოლიგარქი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას და ასეთები ჩამოგითვალეთ. რაც შეეხება კაცს, რომელსაც 3 მილიონი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, თქვენ უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს არ არის ივანიშვილის პრობლემა. თქვენი პრობლემაა ისიც, რომ თქვენს ტელევიზიებს აფინანსებენ კეზერაშვილი და სააკაშვილი, ორი მთავარი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის,“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

 

magti 5g