LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაქსიმალური გამოცდილება რაც აქვს – აფთიაქში წამალი თუ უყიდია” – რას ფიქრობენ ექსპერტები ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

227
1

“ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე?” – 18-დღიანი გაურკვევლობის, მსჯელობისა და კანდიდატების განხილვის შემდეგ, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის.

პირველი, რაც ჯანდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელზე საზოგადოებამ გაიგო, არის ის, რომ აზარაშვილი ჯანდაცვის უწყებაში თავდაცვის მოდის.

რაც შეეხება სამედიცინო სფეროსთან კავშირს, დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ, მისი წარდგენის დროს გავიგეთ ის, რომ აზარაშვილი ექიმის ოჯახშია გაზრდილი.

რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს

ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ახლა მოუწევს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მტერს – კოვიდპანდემიას ებრძოლოს.

ახალი კანდიდატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ჯანდაცვის უწყების მართვას უდიდეს პასუხისმგებლობას უწოდებს და აქვე დარწმუნებულია, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, მოკლევადიან პერიოდში, გუნდთან ერთად, ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეძლებს.

“მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება.” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, როდესაც ეკატერინე ტიკარაძემ ის თანამშრომლებს წარუდგინა.

 

 

ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ, მედიაში განხილვის მთავარი თემა სწორედ მისი პროფესიული წარსული გახდა.

სახელისუფლებო შტოში ამბობენ, რომ აუცილებელი არ არის, ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პროფესიის იყოს და აღნიშნავენ, რომ ის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სამედიცინო განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა ახალი მინისტრის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებას მაინც არ მოელიან.

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა – ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ან სფეროში მუშაობის გამოცდილება, რა პრინციპით ანდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა ზურაბ აზარაშვილს და რა მოლოდინი აქვთ მისგან ჯანდაცვის ექსპერტებს – “ფორტუნა” ჯანდაცვის ექსპერტებს ესაუბრა.

 

 

“ადამიანი, რომელსაც, ალბათ, მაქსიმალური გამოცდილება რაც ჰქონია – აფთიაქში წამალი თუ უყიდია” – ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ახალ მინისტრზე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “ფორტუნასთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს – “ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც გინდა”.

სურგულაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნა პირად მეგობრობასა და ლოიალობას უკავშირდება:

“რას უნდა ველოდებოდე? ადამიანს, რომელსაც, ალბათ, მაქსიმალური გამოცდილება რაც ჰქონია – აფთიაქში წამალი თუ უყიდია.

ჯანდაცვა, ეს არის ურთულესი სექტორი, მით უმეტეს, კოვიდის ფონზე, რომელიც სრულად ჩავარდნილია, ვაქცინაციის პროცესი სრულად ჩავარდნილია.

7 წელი ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან მაღალი თანამდებობა მეკავა, ბოლომდე სტრუქტურაში მე ვერ გავერკვიე, ექიმი ადამიანი, რომელსაც საკმაოდ კარგი ცოდნა მაქვს მიღებული აქაც, უცხოეთშიც და არ ვიცი, სად პოულობენ ამ ნიჭიერ ხალხს.

წარდგენა იყო გენიალური – ხუთი შვილის მამა, ექიმების ოჯახში იზრდებოდა, ეს რა წარდგენაა? რა შუაშია. საშინელება ხდება, ეს არის ურთულესი სექტორი.

როდესაც ეკატერინე ტიკარაძე გადადგა, მე ვთქვი, რომ მინისტრი იქნება ადამიანი, რომელიც სრულად ლოიალურია პრემიერ-მინისტრისა და იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ეს არის კრიტერიუმი, სხვა კრიტერიუმი აქ არ არსებობს.

“ქართუ” ბანკში მუშაობდა, შემდეგ ამხელა ქარხნის დირექტორი იყო და, რაც მთავარია, იყო ბატონი პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

პირადი მეგობრობა, პირადი ლოიალობა, აქ სხვა არავითარი კრიტერიუმი არ არის, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, მე არ ვიცი, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის კრიტერიუმებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს, ვინც გინდა.

ექსპერტი ამბობს, რომ წინასწარ შეფასება რთულია, თუ როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს ახალი მინისტრი:

“მაგარი ფინანსისტია, გასაგებია, მაგრამ ახლა მაგარი ფინანსისტი არ გვჭირდება, გვჭირდება ადამიანი, რომელიც სიტუაციაში ერკვევა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.

ღმერთმა ქნას, რომ გამოდგეს, მაგრამ ჩემი შეფასება დადებითი ვერ იქნება. ძალიან ძნელია შეფასება, ვნახოთ ეს ორი თვე, მაგრამ ეს ორი თვე გადაიზრდება კიდევ ახალ გარდაცვლილ ადამიანებში, ვაქცინაციის პროცესი ჩაგდებულია და ვერ გამოასწორებ, ვნახოთ, ღმერთმა ქნას, რომ ამ ადამიანმა შეძლოს რაღაც სისტემური ცვლილებები, აქ სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს და არა პერსონების ცვლილებები, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ საკითხებში ერკვევა.” – აღნიშნავს სურგულაძე “ფორტუნასთან”.

 

 

“ეს არის შიდა კარის ინტრიგები და მეტი არაფერი. ექიმი იყო ტიკარაძე, მაგრამ მინისტრობა 14 000 გარდაცვლილით დაასრულა” – რა მოლოდინი აქვს ვახტანგ კალოიანს

 

“ევროპული საქართველოს” მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ზურაბ აზარაშვილის მინისტრად დანიშვნას შიდა კარის ინტრიგებს უწოდებს.

 

 

კალოიანი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემაში რადიკალურ ცვლილებას არ ელოდება და მისი თქმით, აზარაშვილის დანიშვნაც მნიშვნელოვანს არაფერს შეცვლის, არც უკეთესობისკენ, არც უარესობისკენ:

“მნიშვნელობა არ აქვს, პერსონალურად ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი.

“ქართულ ოცნებას” განსაზღვრული აქვს ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, არის არაეფექტიანი, რაზეც ის რიცხვებიც მეტყველებს, რომელიც დღეს გვაქვს, შესაბამისად, პერსონალური საკითხი აქ არაფერს ცვლის. ეს არის შიდა პოლიტიკური ინტრიგები და არც ინდიკატორებით, არც შედეგებით, რომლებიც აქამდე გვქონდა, სამწუხაროდ, არც ერთ ჯანდაცვის მინისტრს პასუხისმგებლობა არ აუღია, შესაბამისად, ვარაუდი მაქვს, რომ მისი დანიშვნაც მნიშვნელოვანს არაფერს შეცვლის, არც უკეთესობისკენ, არც უარესობისკენ და გაგრძელდება ის, რაც იყო აქამდე.” – ამბობს კალოიანი “ფორტუნასთან” საუბარში.

როგორც ვახტანგ კალოიანი ფიქრობს, ახალი მინისტრის დანიშვნაში ყველაზე ნაკლები პრობლემა არის ის, რომ არაზაშვილი ჯანდაცვის უწყებაში სხვა სფეროდან მოდის:

“ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, მთავარია, რა არის ჯანდაცვის პოლიტიკა და რამდენად გასაგები და რეალურია ეს პოლიტიკა. თავად ის, რომ სხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჩემი აზრით, მისთვის არც პლიუსია და არც მინუსი.

მე მოლოდინი მაქვს, რომ არაფერი არ შეიცვლება, გაგრძელდება ანტივაქსერული დამოკიდებულება, გაგრძელდება პრობლემები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და გაგრძელდება პრობლემები სისტემაში.

სამწუხაროდ, არანაირ რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, ექიმი იყო ქალბატონი ტიკარაძე, მაგრამ თავისი მინისტრობა 14 000 გარდაცვლილით დაასრულა.

ახალ მინისტრად მისი დანიშვნაც, ჩემი აზრით, შიდა კარის ინტრიგებია და მეტი არაფერი, ეს შიდა პოლიტიკური ინტრიგებია, რასაც, სამწუხაროდ, მოქალაქეებზე არანაირი გავლენა არ აქვს.” – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

 

“ქართული ოცნება” კადრის პოსტზე წარდგენისას ხელმძღვანელობს არა მისი კომპეტენციით, არამედ პირადი ლოიალობით და იმით, თუ “ვინ ვისი საძმაკაცოს თუ კლანის წევრია” – რას ფიქრობს სერგო ჩიხლაძე

 

ჯანდაცვის კიდევ ერთი ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე კი მინისტრის კომპეტენციასა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებას მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.

როგორც ჩიხლაძე “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იქნება:

 

 

“მის დანიშვნას ნეგატიურად ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჯანდაცვის სფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვს.

როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო ადგილზე ინიშნება ადამიანი, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, მას უნდა ჰქონდეს ელემენტარული ხედვა, უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის პროგრამების მართვის გამოცდილება, წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის პოლიტიკაზე, უნდა იცოდეს – რა ხდება საზღვარგარეთ, რა პროგრამებია ჩვენთან მიმართებაში, რა არის კარგი მაგალითი, უნდა ერკვეოდეს ჯანდაცვის ეკონომიკაში, ასევე უნდა იცოდეს, როგორ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სექტორი, რა უნდა გაკეთდეს ხარისხის ამაღლების კუთხით და ასე შემდეგ, უამრავი თემაა, რომელსაც კოლოსალური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

როდესაც ადამიანს ამ თემებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ჯანდაცვაში თავდაცვის უწყებიდან მოდის და მანამდე, ბანკში მუშაობისა და პლასტიკური ბარათების დამზადების გამოცდილება აქვს, ეს, რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარი და უხერხულია.

ძალიან კარგია, რომ ექიმების ოჯახიდანაა, ძალიან კარგია, რომ 5 შვილის მამაა, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბევრი კარგი თვისებაც ჰქონდეს, მაგრამ ეს რამე კავშირშია ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციასთან? მაშინ მოგვეძებნა ის, ვისაც 8-9 შვილი ჰყავს. ეს ხუმრობით, მაგრამ პიროვნული და ოჯახური თემები ჯანდაცვის განვითარებისა და მინისტრის კომპეტენციისთვის, არაფერი არ არის.” – ამბობს ჩიხლაძე.

ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, მმართველი გუნდი, პირების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის დროს, არა კადრის კომპეტენციით, არამედ პირადი ლოიალობით ხელმძღვანელობს:

“ეს მეტყველებს, რომ “ქართული ოცნება”, სამწუხაროდ, ძალიან არასერიოზულად უდგება ნებისმიერ და, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის წარდგენას და ხელმძღვანელობს არა კადრის კომპეტენციით, არამედ პირადი ლოიალობით, იმით, თუ რამდენად დამორჩილებული იქნება და ვინ ვისი საძმაკაცოს თუ კლანის წევრია.

დარწმუნებული ვარ, ის ბატონ ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იქნება, იმიტომ, რომ თვითონ თავდაცვის მინისტრიც, როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის კადრია.

სხვათა შორის, მინისტრსაც და მის მოადგილესაც ძალიან მსგავსი ბიოგრაფიები აქვთ – საბანკო სექტორში მუშაობის, პლასტიკური ბარათების განყოფილებაში მუშაობის, ორივეს “ქართუ” ბანკში მუშაობის გამოცდილება აქვს, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი პოლიტიკური დაჯგუფების წევრები არიან და, შესაბამისად, ამას არანაირი საერთო არ აქვს იმასთან, რომ ადამიანები გამოცდილებით ინიშნებოდნენ.” – თქვა მან.

როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, მოლოდინი არ აქვს, რომ ახლად დანიშნული მინისტრი ჯანდაცვის სფეროში პოზიტიურ გარღვევას მოახდენს:

“დადებითი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ადამიანი, რომელსაც სფეროში არანაირი კომპეტენცია არ აქვს – კარგ შემთხვევაშიც რომ ვივარაუდოთ, რომ ის ნიჭიერი ადამიანია და რაღაცებს თანამდებობაზე ისწავლის – ამას წლები დასჭირდება, რადგან იმ თემებში, რაც ჩამოვთვალე 1-2 თვეში ძალიან ნიჭიერი ადამიანიც კი ვერ გაერკვევა, ამიტომ ამას სულ მცირე 2-3 წელი დასჭირდება.

ამიტომ ისმის კითხვა – რატომ უნდა დავნიშნოთ ადამიანი, რომელსაც გარკვევისა და სწავლისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება?

მოლოდინი, რომ ჯანდაცვაში რაღაც პოზიტიურ გარღვევას მოახდენს, სამწუხაროდ, არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ და მინდა, ამ სფეროში რაღაცები გამოსწორდეს, რადგან ეს ყველას გვეხება, მაგრამ ეს უბრალოდ სურვილია და ობიექტურად ამის წინაპირობა არ არსებობს.” – უთხრა სერგო ჩიხლაძემ “ფორტუნას”.