ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ასე გამოეხმაურა მდინარაძე ომბუდსმენის აპარატის მიერ ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია.
მამუკა მდინარაძის თქმით, მძიმეა ამის თქმა რომ უწევს, რადგან ლომჯარია მათი არჩეულია.
„ჩვენი არჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის” და მისი განშტოებები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა და ეს ადამიანი თავს ზევით ძალას იპოვის და შეეცდება იყოს ნეიტრალური. მაგრამ ვერ ქნა.
რაც შეეხება შეწყალებას, არ შეიძლება ამის მოლოდინზე ვისაუბრო, წარმოუდგენელია. ადამიანი უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა, ეს კიდევ მეორე საკითხია, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტიდან შეწყალების მოლოდინი მთლად ლოგიკური არ მგონია. მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა მილიონებისთვის, არამედ რამდენიმე ათასის ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში, თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე,”- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.