ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობას გამოიწვევს და ამ ყველაფერმა შესაძლოა, შემდგომში ნეგატიური გავლენა ჰპოვოს საქართველოზე.
„პრობლემები შეიძლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც შეექმნას. მოსალოდნელია და უკვე ისედაც გაძვირდა – ნავთობის ფასები, გარდა ამისა, დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობასაც გამოიწვევს, რაც რეგიონში გამოხატული იქნება ინვესტიციების და ტურიზმის კლებით. მოსალოდნელია ახალი სავაჭრო ომებიც და სანქციების ახალი ტალღებიც“, – განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჭარაიამ.
თბილისიდან ირანისკენ ფრენები ჯერჯერობით არ გაუქმებულა
დღეს 2 რეისია ჩანიშნული
მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოს, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა შესაძლოა, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად დააზარალოს ჩვენი ქვეყანაც.
„პირდაპირს რაც შეეხება, მაღალია რისკი საქართველომ დაკარგოს ირანელი ტურისტები (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი) და ირანული ბაზარი ქართული ექსპორტისთვის (ქართული ექსპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის), ისევე როგორც იაფი საიმპორტო პროდუქცია (ქართული იმპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის). მაღალი ალბათობით, შემცირდება ირანული ინვესტიციებიც საქართველოში, თუმცა მისი სიმწირის გამო ეს საკითხი დეტალურ განხილვას არ იმსახურებს, ისევე როგორც ფულადი გზავნილების საკითხი. გარდა ამისა, საქართველომ შესაძლოა, იზარალოს, მისი მეზობლების შესუსტების გამოც (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი), რაც მათ შესაძლოა, სამეზობლოში აქტიურმა სამხედრო ოპერაციებმა მოუტანოს“, – განაცხადა ჭარაიამ.