თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს: შოთა თუთბერიძე
აღნიშნულის შესახებ ელიეშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას ეხებოდა.
“მიიღოს სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით, სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადი მითითებით” – განაცხადა სხდომაზე ნიკა გვარამიამ.
მოსამართლის განმარტებით, ადვოკატების შუამდგომლობა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე ვერ დაკმაყოფილდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებას წერილობით დამატებით მიმართავენ.
„განჩინების ფარგლებში, რომელიც 23 თებერვლის სხდომაზე გვაქვს მიღებული, დამატებით წერილის სახით მივმართავთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვთ, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.
შუამდგომლობაზე რომ დამატებით ვიმსჯელოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტაცია უნდა გვქონდეს”, – აღნიშნა ნინო ელიეშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი.
“მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით – მას [მიხეილ სააკაშვილს] ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.
„ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. შემდეგი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე 20 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნება.