„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია“.
პაპუაშვილის განმარტებით, ერთადერთი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს სთავაზობს, არეულობის, შფოთის და მღელვარების შემოტანაა.
„ამაზე უკვე მგონი იუმორის გარეშეც რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევდათ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუმცა არავინ იფიქრებდა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე მოუწევდათ ხელის მოწერა. აქამდე მიიყვანეს საკუთარი თავი, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
სხვათა შორის გვქონდა გუშინ საუბარი ამაზე, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი არ ეწევიან, არაფერი არ აქვთ სათქმელი მოსახლეობისთვის, არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი რეგიონის თუ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, რა შეიძლება, მათთვის გააკეთონ. ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ, არის არეულობა და სწორედ ასეთი თემების აწევით ცდილობენ, რაღაცნაირად უფრო მეტი შფოთი, მღელვარება და საკითხები შემოიტანონ, რომელიც დღეს უკვე არარელევანტურია. მგონი, პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა, რომ გაუქმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.