LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს, 61 % იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე

157
საქართველოს მოსახლეობა

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს იმავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 47% არ ეთანხმება, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 61% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იგივე მონაცემი შემცირებულია ოპოზიციის შემთხვევაშიც. საინტერესოა, რომ ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა – 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 2023 წლის მარტის მონაცემებით, უარყოფითად გამოკითხულთა 64% პასუხობს.

ამასთან, NDI -ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით, ახალგაზრდები ანუ 18-34 წლის მოსახლეობა, განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g