LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკუშიკო, დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე.. მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი.. მინდა ბოდიში მოგიხადო.. ახლა დიდი ბიჭი ხარ და იქით გეკითხები რჩევებს“ – მიხეილ სააკაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს 

325
Untitled design (2)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„ნიკუშიკო,

დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე. გეგონება გუშინ დავესწარი სანდრას მშობიარობას და მერე გავეშურე საპასპორტო ბიუროში შენ დასარეგისტრირებლად, ნიკოლოზ სააკაშვილად, ნიკოლოზობის დღეს. ნიკოლოზი მამაჩემის და ჩემი საყვარელი ბაბუის, ნიკოლოზ წერეთლის სახელია, ისევე როგორც ედუარდს ჰქვია ბაბუამისის სახელი. შემდეგი ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში შენი საზოგადოებაში წარდგენაა, როცა პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებისას, პირველად გაგიყვანეთ ხალხში. ბევრი რამ მახსენდება – როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი, დღემდე კოშმარად მესიზმრება. მეორე ეპიზოდი, როცა გრიპის დროს გაგიჩერდა სუნთქვა და სასწრაფოდ როგორ გაგაქანეთ კიდევ კარგი, ჩვენს სახლთან ახლომდებარე იაშვილის კლინიკაში, სადაც გადაგარჩინეს.

მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი. ყურში ჩამესმის შენი ნამღერი „დედაო ნანა“ ლაზიკას კლიპში. მე ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი ხალხის სამსახურს და ძალიან ცოტა დრო მქონდა შენთვის. ამიტომ ძალიან ბევრი მომენტი გავუშვი.

მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ როცა კრიტიკული ასაკი გქონდა და მე დაგპირდი იაპონიაში წაყვანას, ამის მაგივრად აქ ჩამოვედი და საერთოდ ვეღარ მოგხედე, პირიქით, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენე.

ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გეკითხები რჩევებს და ძალიან ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე შენგან.

შენ უკვე მარტო მოგზაურობ იაპონიაში, ინდოეთში, დადიხარ სამეცნიერო კონფერენციებზე, კარგად საუბრობ და წერ იაპონურად, ხოლო ქართულად, ჰოლანდიურად და ინგლისურად საუბრობ, როგორც მშობლიურზე.

ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით. ამავე დროს დარჩები ბოლომდე ქართველად. ბოლო დრომდე ხომ უარს ამბობდი საქართველოდან გამგზავრებაზე იმ შიშით, რომ უკან აღარ შემოეშვით. შენ შენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცა ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ძალიან მითბობს გულს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ პატარაობიდან ცდილობ სხვებს დაეხმარო. საზოგადოების სამსახურიც შენს გენეტიკაშია და ყოველდღე ვლინდება ახალ-ახალ ინიციატივებში.

ჩემო ნიკუშა, ჩემო საყვარელო შვილო, გილოცავ 18 წლის „დაბდღეს.“ გკოცნი ძალიან ბევრს. სიყვარულით, მიშა.

PS. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული ნიკუშა და მოვუბოდიშე, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე გავიზარდეო,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g