“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე საავტომობილო მსვლელობა იგეგმება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.
მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ დღევანდელ პროტესტს არ უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელი.”
“მოლაპარაკებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გარკვეულ აქციებზე ვთქვათ უარი”. – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას ქუჩის აქციებთან დაკავშირებით უმრავლესობაში ეხმაურებიან. როგორც “ოცნებაში” ამბობენ, პროტესტის მოდიფიცირება არაფერს ცვლის, თუ ისინი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმის ენით საუბარს კვლავ გააგრძელებენ.
“ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური პროცესები რაღაც არქაულ ფორმაში გადაიყვანეს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებს გააჩნია”. – აცხადებს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ამასთან, უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, პროტესტი არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარეები დიალოგისთვის უნდა ემზადებოდნენ.
“აქცია, პროტესტი, ეს ადამიანების უფლებაა. მათ შეუძლიათ განახორციელონ ეს უფლება სრულიად თავისუფლად. ერთადერთი ჩარჩო საამისოდ დაწესებულია – მოქმედი კანონის ნორმებს არ უნდა დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება მოსალაპარაკებელ საკითხებს, ნამდვილად ვისურვებდი, რომ მეტი კონსტრუქციულობა შეინიშნებოდეს ოპოზიციის განწყობაში”. – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ აქციის ფორმატი გუშინ შეცვალა და კანცელარიის შენობის პიკეტირება გადაიფიქრა.