ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სავარძელში იხილა, რაზეც „მძაფრი რეაქცია“ ჰქონდა.
მდინარაძის განმარტებით, „პირველი იყო, რომელიც პარლამენტში მივარდა, თუმცა ოპოზიციამ მიასწრო და არ იცის როგორ მიასწრეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში“.
„რაც შეეხება გავრილოვის „ქეისს“, შეცდომა კი არ იყო, ეს იყო ვერ უზრუნველყოფა… და ამ კუთხით, თუ გნებავთ შეცდომა დავარქვათ, ამას არავინ ისურვებდა. პირადად, პირველი ვიყავი, რომელიც იქ მივვარდი, გადაჭარბების გარეშე, ემოციაც ვიღაცებზე არანაკლები მქონდა. უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები დამხვდნენ, როგორ მიმასწრეს, დღემდე არ ვიცი ეს ამბავი. ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს ოკუპაცია და თავისი მიზნებისთვის არ მოქმედებს.
რაც შეეხება შემდეგ ღამეს, ეს იყო ამ მომენტით ცუდად სარგებლობა. საბოლოოდ, ამან რუსეთს სანქციების დაწესების საშუალება მისცა პროვოკაციული მოქმედებებით. თავდასხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, მოგერიების დროს უკვე გადაჭარბება, როგორც აღმოჩნდა დანაშაულებიც, რის გამოც ადამიანები დაისაჯნენ. რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ზუსტად იგივე პოზიცია გვქონდა ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ის აღარ გააკრიტიკეს. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმაზე, ახლა დღეს თავდამსხმელებიც ოპოზიციაში არიან და მაშინდელი თავდამცველებიც. ახლა ერთმანეთს ესაუბრონ, გადაჭარბება იყო თუ არა. მიმაჩნია, რომ გადაჭარბება იყო და დაისაჯა ამის გამო ადამიანი, თუმცა, თავდასხმაც სახეზე იყო და ამასაც ვერსად წავუვალთ“, – განაცხადა მდინარაძემ.