„მეგობრებო, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით“.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ ოკუპაციის დასრულებაა, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის.
უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე.
მეგობრებო, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,“- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.
რუსეთის მიერ, 14 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი – უამრავი განადგურდა – თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.