LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ავიაციას უსაფრთხო ფრენებისთვის დააჯილდოებენ

76
MW-HE536-airpla-ZH-20190225131547

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცემა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც მონრეალში 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ორი სერტიფიკატით დაჯილდოვდება. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სერტიფიკატები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაეცემა.

ქვეყნისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის სერტიფიკატის გადმოცემის ძირითად კრიტერიუმებს საავიაციო ხელისუფლების მიერ ICAO-ს სტანდარტების ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (15%-ზე მეტი) და სერიოზული ნაკლოვანებების არ ქონა წარმოადგენს.

2018 წელს ჩატარებული ICAO-ს აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები თითქმის 56%-ით გააუმჯობესა (32%-დან – 87.64%-მდე). რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა (58%-დან – 87.8%-მდე).

ICAO-ს მეორმოცე ასამბლეა სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. გაიმართება ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველ პირებთან. იგეგმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება რიგ ორგანიზაციებთან და საავიაციო ხელისუფლებებთან.

ასამბლეაზე ჩატარდება ICAO-ს საბჭოს ახალი წევრების და საბჭოს ახალი პრეზიდენტის არჩევნები. ასევე, დღეიდან 7 დეკემბრის (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე) ჩათვლით, ICAO და წევრი სახელმწიფოები აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ჩიკაგოს) კონვენციის ხელმოწერის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავ კამპანიაში (ICAO75).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები