“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებები.
“შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი „უინტერესო გახდა“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული პოლიტიკური პარტიაა.
“ეს არც, ჩვენთვის და მგონი, არც ხალხისთვის არ არის საინტერესო. საერთოდ, უინტერესო გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. რეალურად, მთავარი არ იცვლება, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ბუნება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, მათ არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება.
აქედან გამომდინარე, როდის შევლენ და როდის გამოვლენ პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ პარლამენტში მუშაობასთან ერთად საუბრობენ დესტრუქციულ ელემენტებზე. აქედან ყველაფერი ნათელია“,- აღნიშნავს კობახიძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მუნიციპალიტეტის განვითარებას.
“ჩვენი საუბრის და განხილვის თემა პარტიის საორგანიზაციო საკითხები იყო. ასევე ის საკითხები რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა, კონკრეტულ რაიონებში და აქ პრობლემები უნდა იყოს ნაკლები.
ამ სიტუაციამ გავლენა რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე არ უნდა მოახდინოს,”-აცხადებს მამუკა მდინარაძე.