საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ტვ პირველთან” შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილს ბოლო რამდენიმე თვეა ყოველდღიურად უფიქსირდება მაღალი სიცხე.
“ჩემი იქ ყოფნისას გაისინჯა სიცხე და ჰქონდა 38, თუმცა ეს უკვე ნორმად იქცა, დღე არ გავა, რომ 38 არ ჰქონდეს. სიცხის დამწევ საშუალებებს უკეთებენ, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ისევ იწევს.
მაღალი სიცხეები მარტის თვიდან დაეწყო. ბოლო ორი თვეა სისტემატურად, ყოველდღე, წუთი არ ყოფილა სიცხე არ ჰქონოდა.
ამ დაავადების გენეზისი დაუდგენელია, ვერავინ ვერაფერს ამბობს, ვერც ქართველი და ვერც ამერიკელი ექიმები. თუმცა ამ საკითხზე რამდენიმე დღეში ველოდებით ერთი სპეციალისტის დასკვნას ამერიკიდან.
საერთო ჯამში 33 კილო დაკარგა. პრაქტიკულად ვეღარ დგება ფეხზე”, – ამბობს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის დედა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად დასძენს, რომ მას ქუჩაში აჩერებენ და უცნობი ხალხი ინტერესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
“ქუჩაში უცნობი ხალხი მესალმება, მოდიან გულისტკივილით მეკითხებიან მდგომარეობას, დეტალები აინტერესებთ, ცრემლებიც კი მოსდით”, – ამბობს გიული ალასანია.