პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პასუხობს კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება პრეზიდენტის დაშინების მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან.
კალაძის თქმით, „დაშინება არაფერ შუაშია. აღნიშნული განცხადებით მმართველი გუნდი არ შედის პრეზიდენტთან პოლემიკაში და უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს“.
„არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული.
რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს.
ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.