LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მობეზრდა „კახეთოს“ შესრულება აჩიკო ბერიძეს: „სიმღერამ გადამარჩინა, ყველანაირი გაგებით…“

2569
აჩიკო-ბერიძე

აჩიკო ბერიძის მიერ შესრულებული „კახეთო“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა ქართული სიმღერის მოყვარულებს შორის. „ალილოს“ წევრი ბოლო პერიოდში ფართო მაყურებელმა უფრო მეტად გაიცნო, როგორც სოლომომღერალი, მეტად შეიყვარა და კიდევ უფრო მეტად დააფასა…

აჩიკო ბერიძემ fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

აჩიკო ბერიძე: 

მთელი ჩემი ცხოვრებაში სიმღერაში ვარ. ბათუმელი ვარ და ადრეული ასაკიდან ბავშვთა ოპერაში ვმღეროდი , როგორც სოლისტი, ისე ვიზრდებოდი და არა როგორც ანსამბლის მომღერალი, რადგან სოლო სიმღერებსაც ვასრულებდი. არც ჩემი ოჯახის და არც ჩემი პირადი გეგმები მუსიკას არ უკავშირდებოდა. იურიდიულზე ვსწავლობდი. მაგისტრატურაზე თბილისში რომ გამომიშვეს, მივხვდი, რომ პროფესია, რომელსაც ვსწავლობდი, არ მაინტერესებდა. მაგისტრატურა რომ დავამთავრე, ოჯახს ერთი წელი ვატყუებდი, რომ პროფესიით ვმუშაობდი. მინდოდა, შანსი მქონოდა, სიმღერა გამეგრძელებინა.

მე, ლევან კბილაშვილი და ლაშა გოგიაშვილი ერთად ვმღეროდით – სამწუხაროდ, წელს ორივე მათგანი გარდაიცვალა… ის პერიოდი გავატარე ლევანთან და ლაშასთან ერთად, ტრიო „ქალაქურში“ ვმღეროდით. ერთ-ერთ რესტორანში ოჯახურ გარემოში ვმღეროდით, თავს ამით ვირჩენდით. ლევანი თავის გზას დაადგა, ლაშაც სხვა ანსამბლში გადავიდა. დავრჩი მარტო. ის-ის იყო, ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ გამოჩნდა ნათია ზეინკლიშვილი და მთხოვა, მისი სიმღერა შემესრულებინა. რეპეტიციაზე მისულს დამხვდნენ სანდრო კობახიძე, ლაშა ღლონტი და ბექა ჩხაიძე. შემომთავაზეს ანსამბლ „ალილოს“ წევრობა და დავთანხმდი. მანამდეც ვიყავი „ალილოში“, სადაც გურამ თამაზაშვილმა მიმიყვანა, მისი გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია აირია და სამი-ოთხი წელი ამ ანსამბლთან შეხება არ მქონდა, მერე კი ისევ დავბრუნდი. როგორც იურისტი, ახლაც ვმუშაობ, მაგრამ მთელი ჩემი სული და გული სიმღერას ეკუთვნის. სიმღერამ, ვფიქრობ, ყველანაირი გაგებით გადამარჩინა. არ ვიცი, რა მოხდებოდა და როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა სიმღერა და მართალი გითხრათ, არც მინდა ამის წარმოდგენა. ჩემი ოჯახის შექმნაც სიმღერას უკავშირდება. ყველა სფერო, სადაც ვარ, ქართულ სიმღერას უკავშირდება. მინდა, ქართულ სიმღერას და ღმერთს მადლობა ვუთხრა ამისთვის!..

აღნიშნე, რომ ოჯახის შექმნაც სიმღერას უკავშირდება. ეს როგორ მოხდა? 

მე და ჩემი მეუღლე ორი-სამი წელია, გავშორდით ერთმანეთს. ჩემს სიმღერას მოჰყვა მისი გამოხმაურება და ასე გავიცანით ერთმანეთი. გვყავს ორი შვილი, ერთი ხუთი წლისაა, მეორე – სამის. ჯერ ვერ ვხვდები, იმღერებენ თუ არა, მაგრამ სურვილი მაქვს. ზოგჯერ „კახეთოს“ შესრულებისას ამყვებიან ხოლმე.

ზოგ მომღერალს არ სურს, რომ შვილებმა მისი გზა აირჩიონ, მუსიკოსებს საქართველოში რთული ცხოვრება აქვთო… 

ჩემთვის რთული ცხოვრება ისაა, როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც არ გიყვარს. რაც უნდა დიდი შემოსავალი გქონდეს, მაინც ძნელია. როცა შენი საქმე გიყვარს და იხარჯები, ეს არის ბედნიერება, ამიტომ ვეუბნები ღმერთს მადლობას, რომ ვმღერი.

„კახეთო“ ახსენე – სადაც უნდა მიხვიდე, ამ სიმღერის შესრულებას აუცილებლად გთხოვენ. ხომ არ მოგბეზრდა ცოტა?

ამ სიმღერის შესრულების იდეა დაიბადა, როცა „ალილო“ 20 წლის იუბილესთვის ემზადებოდა ფილარმონიაში. „კახეთოს“ შესრულების იდეა გაჩნდა, მანამდე კაცს ეს სიმღერა შესრულებული არ ჰქონდა. ძალიან მაღალი ტონალობა იყო. თავიდან ცოტა გამიჭირდა და მივედი ქალბატონ ნუნუ დუღაშვილთან, მინდოდა სიმღერის შესრულების ნებართვა ამეღო და მეთხოვა, რომ ნახევარი ტონით დაბლა დაგვეწია, მაგრამ გამოვიდა სულ სხვა სიმღერა. ზოგჯერ ტონალობის შეცვლა სიმღერას ძალიან ცვლის. რომანსივით იმღერებოდა და არ მოგვეწონა. ქალბატონმა ნუნუმ მითხრა, ეს ის სიმღერაა, რომელიც ამ ტონალობაში უნდა იმღეროო. რეპეტიციების დროს, თუ დამიჯერებთ, არც ერთხელ არ მიმღერია „კახეთო“. თავიდან ბოლომდე ეს სიმღერა პირველად სცენაზე ვიმღერეთ. ბიჭებს პირობას ვაძლევდი, რომ სცენაზე ვიგრძნობდი ძალას და ამ სიმღერას აუცილებლად შევასრულებდი. რაც რეპეტიციაზე ვერ გავაკეთე, სცენაზე შევძელი…

იქცა შენს სავიზიტო ბარათად?

უნდა დაგეთანხმოთ. ამ სიმღერის შესრულება ნამდვილად არ არის მომაბეზრებელი. სულ არის შესაძლებლობა, რომ ერთი-ორი ფრაზა სხვანაირად იმღერო. არ მბეზრდება კიდევ იმიტომ, რომ ჯერ ისე ვერ ვმღერი, როგორც მე მინდა – სულ ვეძებ მაინც რაღაცას…

საუკეთესო კომპლიმენტი, რაც სიმღერასთან დაკავშირებით მიგიღია… 

თუ აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეს იყო გულიანი ნამღერი, ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი. ზედაპირულად არასდროს ვმღერი. როცა ემოციებს ამჩნევენ, ეს მსიამოვნებს ყველაზე ძალიან. ქართული სიმღერა გულიდან არის წამოსული, ამას თუ ვოკალიც ამშვენებს, მთლად უკეთესი, თუმცა სიმღერისთვის გულიც საკმარისია.

ხმას როგორ უფრთხილდები?

მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ვიფრთხილდები-მეთქი. ბავშვთა ოპერაში რომ ვმღეროდი, მყავდა ძალიან მაგარი ვოკალის პედაგოგი, მზეონა მახარაძე, რომელთანაც გავატარე ხუთი-ექვსი წელი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ვსწავლობდი, მაგრამ გონებაში დაილექა და ვიცი სწორი, პოზიციური სიმღერა. ეს ძალიან მეხმარება.

ბევრი ქართველი მომღერლის მთავარი პრობლემაა ბევრი ქეიფი, დროსტარება და დალევა…

ამ ყველაფერს ვერ გავექცევი, რადგან „ალილოს“ წევრი ვარ. სულ სტუმრად ვართ, საქეიფოდ და ეს სამუშაო პროცესია. კვირაში ოთხჯერ-ხუთჯერ სულ დატვირთულები ვართ, ხან სად ვართ და ხან სად. ძალიან განვიცდი იმ ამბავს, რომ ფორმიდან ამოვვარდი, ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ, ამიტომ ვცდილობ, აღარ დავლიო. ბოლო პერიოდში ისე აღარ ვეტანები სასმელს. უკვე წარმოუდგენელი იყო ამ რეჟიმში ცხოვრება. ბახუსზე სიარული ქალაქიდან ქალაქში და მერე სცენაზე დგომა და სიმღერა შეუძლებელია. თავისთავად დალაგდა ისე, რომ თავს ვიცავთ.

ასე გულით რომ მღერი, რომანტიკული თუ ხარ?

აუ, ძალიან (იღიმის)… ზედმეტადაც. ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ყველა პერსონაჟებად მყავს წარმოდგენილი, სიმღერა კი საუნდტრეკივით მიმყვება. სულ მაგ განწყობაში ვარ და არც მინდა იქიდან გამოსვლა, სხვანაირად ცხოვრება არ ვიცი. ამით კმაყოფილი ვარ და არ შევცვლიდი, სიმღერას და ხელოვნებას უხდება, მეც ასეთად ჩამოვყალიბდი.

რა არის სიყვარული შენთვის?

დამოკიდებულება, განწყობა, ადამიანები, ჩემი ოჯახი, შვილები, დედა და მამა, უახლოესი ადამიანები, რომლებსაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ვეკედლები და ვერ ვშორდები. ვინც შემომრჩა და შინაგანად ვგრძნობ, რომ ჩემია, ეს არის სიყვარული. დრომ გამოსცადა ეს, შეიძლება დიდი გამოცდები არ იყო, მაგრამ ვინც დარჩა, დარჩა, ბევრიც წავიდა.

ქალის მიმართ სიყვარული?.. როგორია ის ქალი, ვინც აჩიკო ბერიძეს თავს შეაყვარებს?

ჩემ გვერდით ჯერჯერობით ვერც ერთი ქალი ვერ წარმომიდგენია. არ არის დიდი ხანი გასული, რაც ოჯახი დაგვენგრა. სურვილი და გრძნობა ჯერჯერობით არ განმიცდია, რომ სხვასთან ერთად ვიყო. ხომ იცით, როგორ ხდება? ჯერ არ მომხდარა ისეთი რამე, სხივი რომ მოგხვდება, სახლში რომ მიხვალ, დაწვები და იფიქრებ. ძალიან გამიჭირდება ამ ეტაპზე ვთქვა, როგორი ქალი უნდა იყოს ჩემ გვერდით.

დაბოლოს, ისევ შემოქმედებას დავუბრუნდეთ. რა იქნება ახალი?

მინდა, „იმედს “ და „მიმღერეს“ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან ამ პროექტმა ბევრი რამ გამოაჩინა და მე, როგორც სოლომომღერალი, უფრო მეტად ადამიანმა გამიცნო. „მიმღერეში“ შევასრულე ქალბატონი მარიკო კვალიაშვილის ახალი სიმღერა, „შენ გენაცვალე“…

რომელმაც „თეატრალურის კვარტეტის“ პირველ ხმას, კობა ჭეფხოძეს დააწერინა შეფასება, რომ განუმეორებელი მომღერალი ხარ…

კობა არის ყველაზე სტაბილური პირველი ხმა, რომელიც ამდენი ხანია, სცენაზე დგას… ვთვლი, რომ „თეატრალურ კვარტეტსაც“ და კობასაც კიდევ ბევრი შეუძლია და კობასგან ეს შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ვაპირებ კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას. დათო ფორჩხიძე არის იდეის ავტორი. მე და დათო ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ბათუმიდან მოყოლებული. დათოს სულ უნდოდა ამ ოცი წლის განმავლობაში ჩემთვის რაღაც გაეკეთებინა. ახლა მოუვიდა იდეა, რომ ჩავწეროთ ქალბატონი ინოლა გურგულიას სიმღერას და ახალ წელს სატელევიზიო პრემიერა ვგეგმავთ. რომელ სიმღერაზეა საუბარი, ამას საიდუმლოდ დავტოვებთ!..

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები