LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩხუბობენ ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი: „რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, შეიძლება, ერთი პატარა დეტალიც კი საწყენი გამოდგეს…“

17056
ზურა და თაკო

ზურა გორგაძისა და თაკო ჩორგოლაშვილის ტელეწყვილს „რუსთავი 2“-ზე უკვე მეორე გადაცემა ექნება. Challenge Show მხოლოდ პოზიტიურ განწყობას შექმნის და ცნობილ სახეებს ისეთ დავალებებს მისცემს, რომელთა შესრულება არცთუ ადვილი იქნება. ზურა და თაკო „რუსთავი 2“-ზე ერთად დილის გადაცემას უძღვებიან, ერთად წერენ რეიტინგულ საცეკვაო „ტიკ-ტოკ“-ვიდეოებს და მაყურებლის ბევრ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებენ. ხშირად ისმის კითხვაც, არიან თუ არა ისინი რეალურადაც წყვილი. ეს და სხვა შეკითხვები ზურასა და თაკოს fortuna.ge-მ დაუსვა.

თაკო:

„გამომწვევი თამაშები“ – სახელწოდებაც თავის სათქმელს ამბობს – ეს იქნება აქტიური, ძალიან გასართობი და მხიარული გადაცემა, სადაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად ძალიან გაერთობიან ჩვენი სტუმრებიც და რაც მთავარია, მაყურებელი. ის ელის დადებით განწყობას.

გადაცემაში ცეკვები იქნება?

ზურა:

ჩვენი წყვილი ცეკვასთან ასოცირდება, თუმცა პროფესიონალი მოცეკვავეები არ ვართ. ალბათ, ჩვენი ცეკვა იმიტომ მოსწონთ, რომ დადებითი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ხშირად გვიწერენ, რომ პოზიტიურები ვართ, ამიტომ გადაცემაში ჩვენი ცეკვა აუცილებლად იქნება. წლების განმავლობაში ბევრი გასართობი შოუ უნახავს ჩვენს ტელემაყურებელს, მაგრამ ეს იქნება განსხვავებული იმით, რომ ის თავიდან ბოლომდე გამოწვევებზეა აგებული. მაყურებლისთვის არაფერი იქნება დამაბნეველი, მკვეთრი და მკაფიო აქტივობები იქნება, დავალებებს მივცემთ სტუმრებს, რომელთაც დასახული მიზნები უნდა გადაჭრან. მონაწილეობას მიიღებენ მაყურებლისთვის საყვარელი ადამიანები, რომლებიც დატოვებენ თავიანთ ამპლუას და მათ სულ სხვა მოცემულობაში ვიხილავთ. იქნება ბევრი სიცილი, კივილი და ყვირილი (იცინიან).

გადაცემას დაესწრება აუდიტორია, შესაძლოა, გარკვეულ აქტივობებში შეიძლება მათი ჩართულობაც გახდეს საჭირო. წინასწარ გამოვაცხადებთ ხოლმე, როგორ შეიძლება გადაცემაზე დასწრება.

როგორ ფიქრობთ, თქვენი წყვილი რატომ შედგა?

თაკო:

ჩემი და ზურას ტანდემი თავიდანვე იყო არა მხოლოდ საქმის, არამედ პირად ურთიერთობებშიც ძალიან გულწრფელი. ერთია, როცა ვალდებულება გაქვს, მეორეა – როცა გიხარია მეგობრულ ჩარჩოებშიც ეს ყველაფერი. მაყურებელმა ჩვენი ერთობლივი ვიდეოები ძალიან აიტაცა და სულ დადებითი გამოხმაურება მოდიოდა. მაყურებელიც გრძნობს ჩვენს კარგ დამოკიდებულებას. ყველა კომენტარში ამას ვკითხულობდით. რეალობა მიიღეს და დააფასეს.

ზურა:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი იყოს შენი მეგობარიც. თუ პრეტენზია გაქვს გრძელვადიან საქმიანობასა და გამოწვევებზე, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს მეგობრობაც. ჩვენ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან კარგად დაემთხვა. შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. ცოტა გვიკვირს, სიმართლე გითხრათ, ის სიყვარული, რომელიც მაყურებლისგან მოდის – ხანდახან უხერხულობის შეგრძნებაც გვაქვს ხოლმე: რა სასწაულები ხართო, რომ გვწერენ, ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით, განა, ასეთი რა გავაკეთეთო.

თაკო:

ამას წინათ გადავხედე ჩვენი ერთი წლის ნამუშევრებს. თავადაც ვიღიმოდი, როცა ამ ვიდეოებს ვუყურებდი და მივხვდი, რა მოსწონს მაყურებელს.

ზურა: 

პოზიტივი ისაა, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად აკლია. დიდი მოთხოვნილებაა დღეს ამაზე. ეს გადაცემაც, რაც ახლა იწყება, ზუსტად ამას ეხმიანება.

ცეკვების ჩაწერის პროცესში არ ჩხუბობთ?

ზურა:

ძალიან ბევრს ვჩხუბობთ, ახლაც ნაჩხუბრები ვართ (იცინიან).

თაკო: 

ესეც ძალიან ბუნებრივი პროცესია, ურთიერთობა რომ არ იყოს ყალბი, ასე უნდა მოხდეს – ხან მე არ ვარ კარგ ხასიათზე, ხან – ზურა, ხან მე ვარ დაღლილი, ხან – ის. თუ ნამდვილი ურთიერთობაა, ეს აუცილებლად იარსებებს. ხომ ვერ გაიხსენებთ მეგობარს, რომელთანაც ერთხელაც არ გიკამათიათ?

ზურა:

რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, რაც უფრო მეტად აფასებ და ეყრდნობი, შეიძლება, პატარა დეტალიც კი ძალიან საწყენი გამოდგეს, ძალიან გავბრაზდე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე იდილია მოდის ჩვენი წყვილისგან, ამასაც სჭირდება თავისი ენერგია და რესურსი. იდეალური არავინაა. იმას, რაც ასე კარგი ჩანს, ძალიან ბევრი მუშაობა და ენერგია სჭირდება. 20 და 30-წამიანი ვიდეოც საკმაოდ დიდია, თუკი სამუშაოს გავითვალისწინებთ. თან, ადამიანები უყურებენ არა მხოლოდ ცეკვას, არამედ ჩაცმულობას, ლოკაციას, სადაც ამ ცეკვას იღებ და ა.შ. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, მეორე წელია თანაცხოვრობს და ერთხელაც არ უკამათია. ეს ხომ წარმოუდგენელია…

შერიგების ინტერვიუ ყოფილა… 

თაკო:

თუმცა ისედაც შერიგებით მთავრდება ხოლმე…

რას უპასუხებთ ადამიანებს, ვისაც თქვენი ნამდვილ წყვილად ხილვა სურს?

თაკო:

ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. გვწერენ, შეერთდითო (იღიმის).

ზურა:

გვაცადონ…

მეგობრები ხართ რეალურად?

(პაუზა)…

არ მპასუხობთ?

ზურა:

ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი!..

თქვენს ცეკვას დავუბრუნდები. თვალსა და ხელს შუა იქეცით ინფლუენსერებად. შემოსავალიც გაიზარდა ალბათ…

თაკო:

ჩვენი გულშემატკივრების მხრიდან მიღებული სიყვარული ბევრად ძვირფასია, ვიდრე ფინანსური შემოსავალი. ეს განსაზღვრავს წარმატებას უფრო მეტად და ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

ზურა:

ფინანსები ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდი საზრდოა. როცა ადამიანს აქვს მომენტი, როცა რაღაცით იღლება, იმდენად დიდ მოტივაციას გაძლევს მაყურებლის ყურადღება და სიყვარული, მეტის გაკეთება გინდა. ჩვენ მიმართ არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ იწერება. ეს სასიამოვნოდ გვაკვირვებს. ყველას აქვს მოლოდინები. ვიცით, რომ შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს ჩვენი ცეკვა. ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ გვინახავს. ერთადერთი უარყოფითი კომენტარი მახსოვს, ვიღაცამ დაგვიწერა, თქვე უსაქმურებო, რა საყვარლები ხართო. ამასაც ვერ დავარქმევთ უარყოფითს (იცინის). ასეთ „უარყოფით“ კომენტარებს მივესალმებით…

პოპულარობას მოაქვს რაიმე ნეგატიური?

თაკო:

დადებითია ძალიან ბევრი. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის ზომიერებას ვეძებ, რომ ზედმეტად არ გამოვჩნდე იქ, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის. სულ მიფიქრია, ძალიან რთულია ნეგატიური კომენტარების წაკითხვა ალბათ. ვთქვათ, საზოგადოების დიდ ნაწილს უყვარს ადამიანი, მაგრამ მასზეც წაგვიკითხავს ნეგატიური კომენტარები. ჩემზეც წამიკითხავს და ძალიან მტკენია გული. საზოგადოების ნაწილი არ მიცნობს ისეთს, როგორიც რეალურად ვარ და ჩემ მიმართაც გაუკეთებიათ არასწორი შეფასება, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოეწონები.

ზურა:

უარყოფითს ვერ დავარქმევ – მაგრამ პასუხისმგებლობა და სიფრთხილე გჭირდება. რამდენადაც უყვარხარ ადამიანებს, იმდენად დიდი მოლოდინები უჩნდებათ და ეს მოლოდინები არ უნდა გაუცრუო, რადგან მერე ვერ გპატიობენ. არაერთი მსგავსი მაგალითი გვინახავს. მგონი, თუ ვიქნებით ისინი, ვინც ვართ, როგორებიც გაგვიცნეს და შეგვიყვარეს, თუ ვუყვარვართ, არ მგონია, ვინმეს იმედი გაუცრუვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g