რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობაში ათეულობით მედიკოსია შეკრებილი და ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, დირექტორი, ზაზა ავალიანი გადაწყვეტილებებს არ იღებს თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკის შენობა უნდა დანგრეულიყო.
“სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია… ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა”, – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი “მთავარ არხთან” საუბრის დროს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომლების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამის შესახებ მათ ტელეეთერებიდან გაიგეს, როცა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი, “სად და რა კონცეფციის” რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება დაახლოებით 2-2,5 წელში.
“ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს.
ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის – სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ”, – თქვა “რუსთავი 2-ის” ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.
წყარო: რადიო თავისუფლება