LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მინდა შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, მედიკამენტოზურ ჩარევაზე – სანამ დაკავებული ვარ, საკვებს არც ერთი ფორმით არ მივიღებ, მზად ვარ სიკვდილისთვისაც

142
გსფჯ

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ექიმების მიერ მედიკამენტოზურ ჩარევაზე. ამის შესახებ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა და რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, სანამ დაკავებულია, იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და საკვებს არანაირი ფორმით არ მიიღებს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მედიკამენტებზე უარი არ თქვას – იმისთვის, რომ შერჩეს საღი აზროვნება.

„ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი – ყველა ნაბიჯი მთავარი მიზნით იყო ნაკარნახევი: დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან ამოსვლაში. ჩამოვედი ისე, რომ შეტაკებები არ მომხდარიყო, არავინ დაზარალებულიყო.

სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდე და ვშიმშილობ მხოლოდ მე, ერთადერთი მოთხოვნით – შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი გადაწყვეტილებებს ძალდატანებისა და გაყალბების გარეშე იღებს.

სანამ დაკავებული ვარ, საკვებს არც ერთი ფორმით არ მივიღებ და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც მომცემს შესაძლებლობას თუნდაც შეზღუდულად, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში ჩავერთო, რათა სადამდეც შემეძლება საქართველოს მანამდე გამოვადგე.

ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,“-  აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები