ვინ ვისთან გააგრძელებს პოლიტიკურ სვლებს კოალიციური მთავრობის ფორმატში და რომელი პარტია ითამაშებს ასეთ დროს გადამწყვეტ როლს – ეს კითხვა აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციის შემდეგ, ამ თემაზე ქვეყნის პირველი პირი ალაპარაკდა.

განცხადების შინაარსი არავის გაკვირვებია, მაგრამ გაუკვირდათ განცხადების ავტორი – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

საქართველოს პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, ბოლო ორი თვეა საეჭვოდ და უცნაურად იქცევა. არ მიდის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც მმართველი გუნდის მესიჯბოქსიდან აცდენილია. რა იცის ზურაბიშვილმა და რამდენად არსებობს ოპოზიციაში იმის რესურსი, რომ ვადამდელის დანიშვნის შემთხვევაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს, ხომ არ იქნება განსაკუთრებული სირთულე პოზიციებისა და თანამდებობის გადანაწილებაში და ვინ ვისთან შეკრავს კოალიაციას, ამ თემაზე პოლიტიკის ექსპერტებს ვესაუბრეთ.

 

 

რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა

 

სალომე ზურაბიშვილიც ხვდება, რომ ამ გადმოსახედიდან რთულია დაინახო, როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, თუმცა ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – ამბობს ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა „კვირის ინტერვიუსთან“ საუბარში.

რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს განცხადება და არის თუ არა ირიბად იმის მინიშნება, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება – ეს კითხვა „ფორტუნამ“ პოლიტიკის ექსპერტ გია ნოდიას დაუსვა.

 „საინტერესოა ის, რომ ზურაბიშვილი დაახლოებით ივლისიდან ამბობს იმას, რაც „ქართული ოცნების“ პოზიციებს აღარ ემთხვევა. შეიძლება მისი ახსნა ის იყოს, რომ „ოცნება“ წარმავალია, მილევადია და მისი მხრიდან პრაგმატული გადაწყვეტილებაა. შეიძლება ვივარაუდოთ მეორე ვერსია – ბოლო 2 თვეა ის პერიოდი, როცა ოცნების საქმეებიც და რიტორიკაც ღიად დაშორდა დასავლეთს. ისინი არა მხოლოდ ნაკლებად უჯერებენ დასავლეთს, არამედ უფრო  უპირისპირდებიან ღია რიტორიკით. შეიძლება ზურაბიშვილისთვის ეს გამოდგა ბოლო წვეთი“, – ამბობს ნოდია.

 

                                       

 

კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივები 

 

დავიწყოთ იმით, რომ 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც არც კოალიციური მთავრობა ყალიბდება და არც პარლამენტში იცვლება პარტიების დღის წესრიგი. ეს არის არჩევნები, სადაც ირჩევენ საკრებულოს წევრებს და ქალაქების მერებს. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა წინა თვითმმართველობის არჩევნებისგან – ახლა უნდა გადაწყდეს ვადამდელის ბედი და სწორედ აქ იკვეთება კოალიციური მთავრობის კონტურები.

ყოველშემთხვევაში ამ დრომდე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად საუბრობს მრავალპარტიულობაზე, ერთპიროვნული მმართველობის დასრულებასა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე. რამდენად არსებობს ამის რესურსი, არის თუ არა რეალური, რომ კოალიციაზე იფიქროს „ქართულმა ოცნებამაც“ და რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში გახარიას, ამ კითხვებით პოლიტიკის ექსპერტს გია ნოდიას მივმართეთ.

„თუ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, მაშინ კოალიციის იქით სხვა გზა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს იმდენ ხმას, რომ ცალკე მთავრობა შექმნას, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ოცნების გარშემო ჩამოყალიბდეს კოალიცია, თუმცა უფრო დიდი ალბათობაა, რომ ოპოზიციური ხელისუფლება შეიქმნას. სხვა ამბავია, გაჭირდება თუ არა ასეთი მთავრობის ფორმირება. ეს ყველგან ჭირს, თვეები სჭირდება ხოლმე შეთანხმებას, ვის რა წილი აქვს მთავრობაში, ვინ ვისთან არის და ვინ ვისთან არ არის.

გახარია გამოდის გადამწყვეტი, მის გარეშე კოალიცია ვერ იქმნება. ჯერჯერობით ის ისე თამაშობს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ გაგვაცემინებს, გასაგებია, რომ რადგან ოცნებაში იყო, თითქოს უფრო ლოგიკურია,იქით გადაიხაროს, მაგრამ მე არ ვარ ამაში დარწმუნებული და არც გამოვრიცხავ.

სააკაშვილის და გახარიას კოალიცია ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წარმოუდგენლიც არ არის. ბევრჯერ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, რომ ორი ადამიანი ერთად წაროუდგენელი ყოფილა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დამდგარან“, – ამბობს გია ნოდია.

სამ დღეში არჩევნებია. სავარაუდოდ, სწორედ სამი დღის შემდეგ უნდა გაირკვეს, დაინიშნება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, თუმცა მანამდე ჯერ ის უნდა გაირკვეს, მართლა ბრუნდება თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში კიევი–თბილისის რეისის დამადასტურებელი ავიაბილეთიც დადო, თუმცა ცხადია, ეს საბოლოო შედეგის ანუ მისი ჩამოსვლის უტყუარი მტკიცებულება მაინც არ არის.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ როგორც ჩვენთან საუბარში ექსპერტები ამბობენ, ამ ეტაპზე არ შეუძლიათ პროგნოზი, მისი ჩამოსვლა მისივე მომხრეების მობილიზებას მოახდენს, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გაზრდის. ზოგი ამბობს, რომ ორივეს.

ყველაფერი სამ დღეში გაირკვევა.

 

“სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანების სიმრავლე ნამდვილად გადაფარავს მის მხარდამჭერებს, უამრავს ექნება სურვილი მას ფიზიკურად გაუსწორდეს” – გია აბაშიძე

  Ad desktop banner Ad mobile banner

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები