LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს ექიმთა კონსილიუმი ხვდება: „ფიქრობს, რომ ჯერ არ არის იმ კონდიციაში, კლინიკაში გადაიყვანონ“

118
misha

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ. მედიკოსებს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. დასჭირდება თუ არა სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალიზაცია, სავარაუდოდ, კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, თავისთავად ეს ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი, ასეთი დაუმორჩილებლობის, „არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს ისტორიაში ამას თავის კვალი აუცილებლად ექნება“.

„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული არაფერი დამხვედრია იმ ზოგად სისუსტესთან მიმართებაში, რაც აქამდე ნანახი მქონდა უკვე. არის შემართებით, აქვს დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით. მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს.

თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ამაყია თბილისელების 14 ოქტომბერს გამოსვლით და იმედოვნებს, რომ 30 ოქტომბერს ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

რაც შეეხება კონსილიუმს, როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავად თვლის, რომ ჯერ არ არის იმ კონდიციაში, რომ ის იყოს (კლინიკაში) გადასაყვანი.

“თუმცა, რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი არსებობს ექიმებთან მიმართებაში-მეთქი, ამას ვერ გეტყვით, რადგან საუბრობს მხოლოდ საქმეზე. არ აინტერესებს ეს დეტალები, უბრალოდ იცის, რომ ექიმებს უნდა შეხვდეს და ეს რუტინა გასავლელი აქვს. პატივისცემის ნიშნად, რა თქმა უნდა, მათ შეხვდება, მაგრამ ვერ გეტყვით მის დამოკიდებულებას, რამდენად დაემორჩილება ამას, უბრალოდ არ ვიცი“, – აცხადებს ხერხეულიძე.

მიხეილ სააკაშვილი  პირველ  ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მე-19 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები