LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ბავშვს ემუქრებოდა“ – შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა

987
ქალზე ძალადობა

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.

გამოცემის ცნობით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, კლინიკა კი დღეს, 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოჰყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში მამა აუპატიურებდა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ბავშვს ემუქრებოდა“, – განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ თანასოფლელმა.

სოფლის სკოლის დირექტორის განცხადებით, 17 წლის გოგომ სკოლა გასულ წელს დაამთავრა. მისი თქმით, ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

 

magti 5g