6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა, სამართალდამცველებმა
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა – 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე
„მსგავსი ფაქტი მომავალშიც, მანამ განმეორდება, სანამ სისტემა არ აღიარებს ხარვეზს“
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. – მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. – მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს გავრცელდა.
გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა