LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კობახიძეს და ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის უჩივის

465
კონსტანტინე თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა.

ამასთან, აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას თოფურიამ უპასუხა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი 1 ლარად გადაეცა“ და თქვა, რომ უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.

თოფურიძის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტის მისამართით ესმით.

„ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტის, მისი სტუდენტების დისკრედიტაციას, იმ ღირებულებების დისკრედიტაციას, რასაც წლებია ვემსახურებით, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების დისკრედიტაციას, განათლების, პროგრესის, თავისუფლების ხარისხის, ჰუმანურობის და შრომის დისკრედიტაციას.

უნივერსიტეტის დისკრედიტაციით ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჩვენ სტუდენტებს, რომლებითაც ვამაყობთ, რომლებიც მართლაც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან.

მერამდენედ გაჟღერდა ტყუილი თითქოს, საქართველოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას 1 ლარად გადაეცა. ტყუილია. გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ ეს უნივერსიტეტი ნულიდან შექმნეს 2004 წელს. ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე მივედით იქამდე რასაც ახლა ხედავთ.

საქართველოს უნივერსიტეტის შენობები ჩვენ საჯარო აუქციონზე, დაახლოებით, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად შევიძინეთ. ეს შეგიძლიათ ყველგან გადაამოწმოთ. ამ შენობების შესაძენი თანხა საბანკო სესხით მივიღეთ. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ამ შენობებს ტექნიკური უნივერსიტეტი იყენებდა, აქ იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, კარკასები, სადაც ვერანაირი სასწავლო პროცესი თუ სხვა აქტივობა ვერ განხორციელდებოდა.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

ამ შენობების რეაბილიტაციისთვის უნივერსიტეტმა 12 მილიონი დოლარის სასესხო ხაზი გაჭრა ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ამ შენობებს უნივერსიტეტი რუსეთთან ომის დროს დაეპატრონა, ისინი ომის დაწყებამდე, 2007 წელს, ნაწილი კი 2008 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნა შეძენილი.“ – განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მათ კობახიძისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეაქვთ.

„ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის, და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ბატონების, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს თითქოს, მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქნა.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ.“– განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.

mazda magti 5g