საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა. არსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.
მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან, ერთი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ის 1-კვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება.
