LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა“ – როგორ აფასებს ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილზე ზურაბიშვილის გაკეთებულ განაცხადს

74
მიშა, სალომე და ოპო

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს განაცხადი დასაფასებელია, თუმცა გადამწყვეტი არის მოქმედება. ამასთან, ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ გამოიყენებს.

„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას განცხადებით, დასაფასებელია, როგორც საუბრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან დაკავშირებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პრეზიდენტი: ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება

„მართლმსაჯულების რეფორმის ყველაზე მთავარი და მარტივი ტესტი, მათ შორის ევროპაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარება შეგვიძლია, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა გვარამიას შეწყალება, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გამგზავრება. აქ როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. ის საუბრობს ძალიან სწორად უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოქმედებს.

კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია, რომ მისი პოზიციაა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ არ უნდა იყოს ამ დღეში სააკაშვილი, ეს დასაფასებელია, ბევრი ამასაც არ შვება, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი.

სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან მიმართებაშიც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა შეწყალების აუცილებლობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ეჭვობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს და შეუძლია სააკაშვილი შეიწყალოს, ამ გადაწყვეტილებას იგი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებს.

„პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. პრეზიდენტი ზოგადად ბევრ სწორ შეფასებას აკეთებს ხოლმე, ოღონდ, როცა საქმე ეხება მთავარ საკითხს, ის არასდროს უპირისპირდება ივანიშვილს“, –  განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს პასუხისმგებლობას არასდროს აკისრებს“.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

„ზურაბიშვილს ახასიათებს განცხადებებში ბევრი სიმართლის საუბარი, მაგრამ ეს სიმართლე მთავრდება იქ, სადაც საქმე ეხება ივანიშვილის პასუხისმგებლობას.

პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაშია დღეს, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ღარიბაშვილის და კობახიძის ბრალი და მეტი არავისი, არის ტყუილი. ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ თუ პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობას კარგად აცნობიერებს, საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან ნებისმიერი ადამიანი უნდა დააზღვიოს, მათ შორის, გვარამია და სააკაშვილი.

„როცა ვსაუბრობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე და სალომე ზურაბიშვილი მოვიდა და საუბრობს, რომ არის პოლიტიკურად მიკერძოებული და არასანდო მართლმსაჯულება, რისთვის არსებობს შეწყალების მექანიზმი?

თუ პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას, უნდა დააზღვიოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან ნებისმიერი ადამიანი საქართველოში, მათ შორის გვარამია და სააკაშვილი, როცა ამისგან დისტანცირებას ახდენს პრეზიდენტი, ის საკუთარ ინსტიტუციას შეურაცხყოფს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „მხოლოდ თითის გაშვერა სხვისკენ არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან დაკავშირებით“.

„მე მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან კითხვა მაქვს, თავად რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა? ნულს.

შეუძლია თუ არა პოლიტიზებული მართლმსაჯულების ხარვეზი და პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. იმავეს გაკეთება შეუძლია სააკაშვილთან დაკავშირებით, შეუძლია ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ როცა ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილზე მე ილუზიები აღარ მაქვს, ის არის ნაწილი ივანიშვილის პროექტის, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ მან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ ჩათვლის, რომ არ გადადგას, არ გადადგამს.

როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენ, შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე.

შენ თუ ნაბიჯს არ დგამ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრეზიდენტი რა, ექსპერტია, ჟურნალისტია, უბრალოდ რომ აფასებს? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა და შეფასება,“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სააკაშვილის არ უთქვამს, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფის ისტორია“: შალვა ხაჭაპურიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g