“ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ „მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მიუღებელია”.
„მე ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყეს. დღეს მოშიმშილეებს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო
დეპუტატები აცხადებენ, რომ შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.
მთავარი ფოტო: Ipn
