ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ ენმ-ის წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, ისინი შიმშილობას გააგრძელებენ იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ:
„ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა, რომელშიც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილამდე მიიყვანოს, გულგრილი არავინ დატოვა. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად.
დღეს მე და ჩემმა მეგობრები, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, შიმშილობას ვაცხადებთ. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ, დარწმუნებულები ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
როგორც ანა წითლიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „თუ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, მაშინ შეუძლია ეს მსხვერპლი თავად იყოს:
„პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო.
თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, ჩემს მეგობრებთან ერთად შიმშილობას ვიწყებ მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები, რომელიც, უწყების განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს. ერთ-ერთ ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი