შოვის ტრაგედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ებრძვიან, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“.
მისივე განცხადებით, ყველა განცხადება სპეკულაციაა და ვისაც 3 აგვისტოს შველა სჭირდებოდა მაშველებმა ყველას უშველეს, რაც შეეხება მფრინავებს და მაშველებს მათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს.
„ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი…
ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინლესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე, რამდენიმე საათი ქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით.
შესაბამისად, გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა ჭირდებოდა და ვერ უშველეს! სტიქიის ზონა მთლიანად იქნა გადაფარული და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოყვა.
გამოსარიცხად თეორიული შანსისაც კი, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით, ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით. ვინმე რომ დამატებით დაფიქსირებულიყო, მფრინავები მზად იყვნენ რისკზეც წასულიყვნენ, თუმცა ასეთი არ მომხდარა.
მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა ჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.
რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ დალოდება. თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა…
რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის:
ის თავადვე ყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო მისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, – ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.
ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა.
ვინც შოვი იცის, საუბარია ე. წ. „ვარდისფერი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი ჭარბობდა.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.
ძალიან სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც უშუალოდ ასეთ ადგილას იმყოფებოდა სტიქიის დროს და არა განაპირა ადგილებში, რამდენიმემეტრიანი, ძალიან სწრაფად და რამდენიმე ტალღად, წამების ინტერვალში, წამოსული მეწყრისგან თავის დაღწევა მათ ვერ შეძლეს.
მოკლედ, ზოგიერთების მავნებლობის გამო, ისეთ დეტალებზე საუბარიც გვიწევს, რომელზეც პირველ დღეებში უბრალოდ ვერავინ ილაპარაკებდა.
სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა…
ასეთ დროს ხდება-ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ.
მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი…ბევრჯერ აიხსნა…Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Monday, 14 August 2023