პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას ეხება, შეფასებები მოჰყვა, არამხოლოდ სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანებისგან, არამედ ოპოზიციონერი ლიდერებისგან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, „2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული.. ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ „ალაპარაკდნენ“ და სახე დაკარგეს“.
„ან რა დაკარგეს რაც არც აქვთ და არც ჰქონიათ… საინტერესოა თვითონ კობახიძე რას გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში, პრივილეგიების, პირადი დაცვისა და სამთავრობო სიკეთეების გარეშე – რამდენიმე მეტრიანი ტალახის ტალღის პირისპირ…
იზრუნებდა თუ არა ვინმეზე საკუთარი თავის გარდა… ცხადია ყველას გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი…
ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს…თუ ეს ისტორიები არ/ვერ ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს და მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.
ჩვენ ვიცით გადარჩენილთა ისტორიები, სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა სწორი რეაგირების შემთხვევაში….“, – წერს ნიკა მელია.
2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ “…Posted by Nika Melia on Monday, August 14, 2023
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით „უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები არათანმიმდევრული, არადამაჯერებელი, არაჰუმანური და ამორალურია“.
მისი განმარტებით, „სწორედ ამიტომ ყველა ეს თანამდებობის პირი საგამოძიებო კომისიის წინაშე უნდა წარდგეს და განმარტოს, ვერტმფრენი ორი საათი ღრუბლებში დაფრინავდა როგორც ამას ვახტანგ გომელაური აცხადებს, ვერტმფრენს ორი საათი ვერ ქოქავდნენ, როგორც ეს შალვა პაპუაშვილმა თქვა თუ არ ჰქონდათ ნაყიდი, როგორც ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს“.
„რუსული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უამრავ, ძალიან მძიმე საქმეზე ვისმენთ ფრაზას: – „დაველოდოთ გამოძიებას”. ჩვენ ეს მოვისმინეთ თვეების ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმით დაწყებული, შემდგომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან თუ ვაკის პარკში დატრიალებულ უბედურებასთან დაკავშირებით – ასეთია არაერთი ისეთი საქმე, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და რომელთა წესიერად გამოძიების პირობებში მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების სულ მცირე თანამდებობრივი გულგრილობა და რიგ შემთხვევაში პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდებოდა. ამიტომ ყავლგასული ფრაზა – „დაველოდოთ გამოძიებას“ საზოგადოების მხრიდან ნულოვან ნდობას იმსახურებს.
სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში კონსტიტუციური უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. საგამოძიებო კომისია ბევრ რამეს ახდის ფარდას და ბევრ სიმართლეს გამოავლენს. დაზარალებულთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმართლე და არა თავის მართლება, მუდმივი გადაბრალება და ახლა უკვე თითის გაშვერა დაზარალებულებისკენაც, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე Facebook-ზე წერს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სტიქია გამოვლილი ადამიანების „გაშავებაზე“ გადავიდნენ და დაზარალებულებსაც ერჩიან.
„აიბნენ გზავნილებში, გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ლიტერატურაში ამას ჰქვია – პერსონაჟის მკვლელობა, ანუ თავს ესხმი და აზიანებ პიროვნებას. ხალხის გადარჩენა კი არა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან. გავატაროთ ეს და დავსვათ და დავსვათ კითხვები. ეს ჩვენი ვალია, დღეს მომავალი თაობების წინაშე“, – წერს ანა დოლიძე.
აიბნენ გზავნილებში და გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: გაშავება. ლიტერატურაში ამას ქვია -…Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on Monday, August 14, 2023
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი წერს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „კობახიძე დაღუპულებზე კი არა, გადარჩენილებზე გლოვობს…“.
კობახიძე დაღუპულებზე კი არა, გადარჩენილებზე გლოვობს…Posted by Gia Khukhashvili on Monday, August 14, 2023