“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და პარტიის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელიას გათავისუფლების არანაირი სურვილი არ აქვთ. მისი თქმით, ერთადერთი გზა, რაც მიხეილ სააკაშვილმა იცის, ეს არის არეულობა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ არეულობისათვის სააკაშვილს ბრძოლის ველზე აუცილებლად უნდა ჰყავდეს პოლიტიკურ პატიმრად წოდებული პოლიტიკური მოთამაშე.
“სხვა რესურსი გინდ ინტელექტუალური, გინდ ემოციური და გინდ პატრიოტული, არ გააჩნიათ. სამწუხაროა, მაგრამ მელია მსხვერპლია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცემის საკითხზე საუბრისას კი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება და ის საზოგადოებისთვის კეთდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მხოლოდ მელია არ არის და გირაოთი ხუთი პირია გამოშვებული, ხოლო ფაქტები, თუ რა ხდებოდა 20 ივნისს, ვოლსკის თქმით, ტელე-არქივებში დევს.
“ეს იყო პროვოცირება იმისა, რასაც სამოქალაქო პირების დაზიანება მოჰყვა. უამრავი ადამიანი გაბრაზებულია არამხოლოდ მელიასა და სააკაშვილზე, არამედ გაბრაზებულია ჩვენზეც, რომ კომპრომისებს ვუშვებთ. ჰკითხეთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჰკითხეთ თუნდაც ნეიტრალურ ხალხს, რამდენად სწორად მიიჩნევენ ამნისტიას და თუნდაც შეწყალებას. რამდენი გაბრაზებული ადამიანია.
დარწმუნებული ვარ, თუ ხელს შევუწყობთ და თუ კონკრეტული პირების პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები არ იქნება, უკეთესი იქნება. საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ დაპირისპირების იმ ხარისხს, რაც დღეს გაგვაჩნია, ეს სჯობია – ერთმანეთს არ ვესალმებით, მუშაობის წარმოუდგენელი რეჟიმია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.