LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა

148
პრემიერი ბავშვებზე

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით პრემიერი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე ჯანდაცვის სამინისტრომ, ავტორიტეტულმა ექიმებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამომწურავი განმარტება გააკეთეს, თუმცა შეკითხვები მაინც რჩება და „ხდება გაუგონარი რამ.“

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აი ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.. ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში

„ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე იქნება და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს - იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის ხარჯები“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა მშობლებს თანადგომა გამოუცხადა და სთხოვა, „ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ“.

„მინდა, ყველას შევახსენო, ალბათ, გახსოვთ, არავის არ გახსენებია, არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, არც მათი მდგომარეობა, არაფერი. არც მაშინ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და არც მაშინ, როცა არიან ოპოზიციაში.

მარტივად შეიძლება ამის ახსნა, ცდილობენ, ყველა უბედურება, განსაცდელში, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც ამორალური საქციელია.

გაბუნია მშობლების პროტესტზე: მნიშვნელოვანია, პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს

უზნეობა, ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება, ადამიანმა იკადროს, როცა ვხედავთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და მშობლებს მიმართა:

„მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ბავშვების ჯანმრთელობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს. ამიტომ საჭიროა მოცდა.

მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, რომ სამინისტრო მზად არის ერთად გავიაროთ ეს პროცესი და გზა, დაველოდოთ მათ შორის, ჯანმოს საბოლოო დასკვნებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე ექვსი ღამე გაათენეს. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები