LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

108
სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე. ,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მსგავსად, მ.სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა თავად მსჯავრდებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს.

მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 6 მარტს მ.სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს, მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება, მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, ასევე მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მომავალშიც იქნება, მისი მოწამვლის მცდელობა, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახური გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას ბრალდებული მსჯავრდებული, მ. სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g