LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის „ჩაუდეს“ და ვის უხარია „ოცნების“ მაჟორიტარობა – წარდგენის ამბები კულისებიდან

593
5f1553adad735

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები კოჯორში, კომპლექს „ბიოლში“ წარადგინა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარების კანდიდატების ვინაობის გასაგებად  ჟურნალისტები შეხვედრის ადგილას 2 საათით ადრე მივედით. ჩვენდა გასაკვირად ჟურნალისტებს ლითონის ჯებირებით შემოსაზღვრული ადგილი მოგვიჩინეს და მოწვეულ საზოგადო მოღვაწეებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა.

მმართველი გუნდიდან შეხვედრაზე პირველი ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მოვიდნენ. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, როგორ ვგრძნობდით ჟურნალისტები თავს მკაცრად განსაზღვრულ ადგილას.

ვუთხარით, რომ თავისუფლება გვინდოდა, რაზეც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უარი მივიღეთ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები, ბიზნესმენები, რეჟისორები, მწერლები და რასაკვირველია,  ექიმები, “სამ მუშკეტერად” შერაცხული შესანიშნავი სამეული და ლევან რატიანი.

სწორედ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს გადაუხადა პირველ რიგში დიდი მადლობა „ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ წარსდგა.

ჟურნალისტები ველოდით, რომ ჩვენს შეკითხვებსაც უპასუხებდა. სამწუხაროდ, ჩვენი იმედები არ გამართლდა.

მმართველი გუნდის გვერდით კვლავ გამოჩნდა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე, რომელსაც დიდი ალბათობით „ოცნების“ სიაში ვიხილავთ.

მაჟორიტარების წარდგენამდე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს. მათ გამოსვლებში აშკარად იგრძნობოდა დამაჯერებელი ტონი, რომ „ოცნება“ კვლავ გაიმარჯვებს და რომ ოპოზიცია ვერც ამჯერად გაუწევს წინააღმდეგობას მმართველ გუნდს.

საზოგადოებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ ითავა.

ჟურნალისტები მაჟორიტართა სახეებს მონიტორზე ვადევნებდით თვალს. ზოგიერთ ჩვენგანს გაუჩნდა განცდა, რომ რეალითი შოუს უყურებდა.

გადავწყვიტეთ, გამოგვეცნო, ვის უნდოდა და ვის არ უხაროდა მაჟორიტარული კანდიდატობა.

წარდგენილ კანდიდატთა უმეტესობას სიცხემ განწყობა არ შეუცვალა და მხიარული ღიმილით მიემართებოდნენ სცენისკენ. შეიძლება სიცხის ბრალი იყო, შესაძლოა ნერვიულობის, მაგრამ ზაზა დუგლაძე, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს აშკარად ეტყობოდა, რომ დიდად არ ყოფილა მოხარული აღნიშნულ ჩამონათვალში მისი სახელისა და გვარის მოსმენის.

„მაჟორიტარობა ჩაუდეს“ – მისი სახის დანახვისას ჟურნალისტებმა სხვა დასკვნა ვერ გავაკეთეთ.

 

ძნელი იყო არ მიგვექცია ყურადღება როგორ წარადგინა მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქში კობახიძემ ბექა ოდიშარია.

„ის არის სამი თაობის მთაწმინდელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

რასაკვირველია, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ 30 წარდგენილ მაჟორიტარს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა მმართველმა გუნდმა. რუსთავში მაჟორიტარობისთვის ნინო ლაცაბიძე იბრძოლებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ქალბატონი ნინო წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას კარგად უთავსებს 4 შვილის დედობას.

ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კი ვკითხეთ, წარმატებული ჯანდაცვის მინისტრობის შემდეგ, რის გაკეთებას გეგმავდა პარლამენტში.

„მინისტრობის წარმატებულობა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, თუმცა სხვათა შორის, მაშინ დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი წელი. ორი გამონაკლისი იყო, მე შვიდი წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, პარლამენტარის პოზიცია ასევე საპასუხისმგებლოა, თუმცა სხვა სპეციფიკა აქვს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზუგდიდში სავარაუდოდ სანდრა რულოვსი იქნება.
მას „ქართული ოცნება“ ირაკლი ჩიქოვანს უპირისპირებს.

ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კონკურენციის არ ეშინია, რადგან კარგად იცის თითოეული ზუგდიდელის პრობლემა და ზუსტად იცის, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია.

ჟურნალისტები დავინტერესდით, რატომ არ  იყო აღნიშნულ წარდგენაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამის შესახებ კითხვა გია ვოლსკის დავუსვით.

„სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელსაც არავითარი ვალდებულებაც არ აქვს და კონკრეტული პარტიის მიმართ სიმპატიებს არ უნდა გამოხატავდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ჩვენთაგანის მხარდაჭერა ჰქონდა არჩევნების დროს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ მმართველი გუნდის მიერ  მაჟორიტარ კანდიდატებში მხოლოდ ერთი ქალის არჩევის გადაწყვეტილებაც განმარტა.

„ძალიან გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთი ქალი გვყავს მაჟორიტარ კანდიდატებში. მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი არის ის ადამიანი ვინც იცის ქალბატონების ფასი და ქალბატონების მონაწილეობის როლი პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი აზრი გვექნება, როდესაც სიის შედგენაზე დავიწყებთ მუშაობას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

პარტიული სია კი სავარაუდოდ ოდნავ მოგვიანებით. აგვისტოს ბოლოს ან  სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

უკვე საუბრობენ, რომ სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილს ვიხილავთ.

 

 

წარდგენის ღონისძიების შესახებ ასევე წაიკითხეთ:

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები