არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის, უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.
პატრიარქმა დალოცა მოსახლეობა, განსაკუთრებით კი საავადმყოფოსა და ციხეებში მყოფი პირები და თავისი ნათლულები გამოყო და აღნიშნა, რომ მისი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით და ლოცვით.
“ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს!
ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის.
ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც.
მე განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში.
ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან.
მე განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია. გისურვებთ ჯანმრთელობას.
დადექით ფეხზე და ყველა უნდა დაგლოცოთ: ,,კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე ამინ!”, – ნათქვამია პატრიარქის საახალწლო მილოცვაში.