პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დღემდე ცდილობს სიმართლის დამტკიცებას.
მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამხელს, თუ რისი ეშინია ყველაზე მეტად.
პოლიტიკაში მოსვლისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ?
გამორიცხული არაფერია. მე ვარ ინდივიდი, რომელიც სახელმწიფოს უსამართლობის გამო დავუპირისპირდი. იმ ტრაგედიის გამო, რაც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამ ტრაგედიამ მე ქუჩაში გამომიყვანა. სინამდვილეში, რაც უწინ ვიყავი, ახლაც ის ვარ. დღევანდელი მახინჯი სისტემა ძალიან ცუდად მომექცა. რაც ჩაიდინეს, იმის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვეცდები, ამ უსამართლობას ბოლო მოვუღო და დაწყებული საქმე გამარჯვებამდე მივიყვანო. პარლამენტში მოვხვდები თუ არა, ამას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. თუნდაც რომ მოვიდე, თუ ვიგრძნი, რომ ამ უსამართლობის აღმოფხვრა, შეუძლებელი ხდება, მაშივე დავანებებ პოლიტიკას თავს და წავალ პარლამენტიდან. საბოლოოდ გადაწყვეტილი არ მაქვს, რას გავაკეთებ, მაგრამ ყველა ჩემი ნაბიჯი, იქნება ბრძოლა სამართლიანობისათვის.
როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ეფექტიანი იქნება, ქუჩიდან თუ პარლამენტიდან ბრძოლა?
თქვენი კითხვის შემდეგ აზრმა გამიელვა, რომ შეიძლება ვიყო პარლამენტში და იქიდან უფრო გამიადვილდეს ჩემი სიმართლის დამტკიცება და შევძლებ სხვებსაც დავეხმარო სამართლიანობისთვის ბრძოლაში. 10 ათასობით ადამიანი გავიცანი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მართალია, ჩემს დღეში არ არიან, მაგრამ იმ ადამიანის ტკივილები ვიგრძენი. ამან დამაფიქრა. მოვიდე ხელისუფლებაში და ვარ თუ არა ამის ღირსი, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ჯერ დრო არის გადაწყვეტილების მიღებისთვის. 50/50-ზე ვარ, გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი. ყველაზე მეტად იმისი მეშინია, რომ ჩემზე არ თქვან, აი, თურმე მაჩალიკაშვილი რას ცდილობდაო. ეს ჩემთვის ყველაზე მიუღებელი იქნება. ეს ჩემთვის მეორე ტრაგედია იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი მეხმიანება და კონსულტაციებსაც გავდივარ.
პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი სიმპატიები „ევროპული საქართველოსენ“ გადაიხრება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდებით თუ მაჟორიტარ კანდიდატად იყრით კენჭს?
თუ ამ გზით წავედი, აუცილებლად მოვითხოვ, რომ ახმეტის რაიონში პროპორციულ სიაში ვიყო.
ჩემი ტრაგედია, ყველა პარტიამ მიიღო. „ქართულმა ოცნებამაც“ კი მიიღო, მაგრამ ჯიუტობს. მათ იმისი შეეშინდათ, რომ თემირლანის საქმემ ხელისუფლება თავზე არ დაამხოს. ჩემთვის ეს სიტყვები ნათქვამიც აქვთ. ჩემთვის ყველა პარტია თანაბარია. გაერთიანებული ოპოზიცია მხარში მედგა და დღემდე გვერდში მიდგას. ჩემზე 1500-ჯერ გაჟღერდა, „ნაციონალი“ არისო. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ ოდნავ მეტი სიმპატია „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მაქვს, მაგრამ ჩემთვის, ყველა პარტია და ყველა პარტიის ლიდერი ერთნაირია და ყველას ერთნაირად ვცემ პატივს.
აპირებთ, ფრენების აღდგენის შემდეგ, კიევში ჩასვლას და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კვლავ შეხვედრას?
არა მხოლოდ კიევში, ორ-სამ ქვეყანაში მქონდა დაგეგმილი ჩასვლა, კოვიდის გამო ეს შეხვედრები არ შედგა. ფრენების აღდგენის შემდეგ უნდა გავემგზავრო.
მახსოვს, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდით. გეგმა ძალაშია?
ვფიქრობ, რომ ზელენსკისთან შეხვედრა შედგება, მერე ევროპაში წავალ.
უფრო ზუსტად, რომ გვითხრათ…
ნუ ევროპაში წავალ.
სავარაუდოდ, სამოგზაუროდ არა.
სწორად მიმიხვდით.