რა არის პერინატალური დეპრესია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პერინატალურ პერიოდში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ ისაუბრა.
რა არის პერინატალური დეპრესია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პერინატალურ პერიოდში?
ეს არის პერიოდი ორსულობამდე და ორსულობის ჩათვლით ერთი წლის პერიოდი.
პერიოდი ორსულობის დაგეგმვიდან, ბავშვის დაბადების და განვითარების ერთი წლის ჩათვლით, ქალის ცხოვრებაში არის დრო, როდესაც ის ემოციური გამოწვევების წინაშე დგება. ეს განსაკუთრებული პერიოდი, ბედნიერებასა და სიხარულთან ერთად, ხშირად, დაბნეულობის, შიშის, შფოთვის, უგუნებობისა და დეპრესიის პერიოდად იქცევა ხოლმე.
ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაა, რაც ქალის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ეხება. მღელვარებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ახალი პასუხისმგებლობის შიში, მშობიარობის შიში, სხეულის ფორმის ცვლილება, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ. ამ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ქალმა თავი არ იგრძნოს მარტო. მიეცეს ემოციების გამოხატვის და გაზიარების შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაცია.
ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე ქალებს ხშირად უწევთ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ლაბორატორიული კვლევები, მცირე და ფართომასშტაბიანი ინვაზიური მანიპულაციები, რაც აისახება ქალის ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე. შესაძლოა, ქალმა იგრძნოს უიმედობა, უკონტროლობა, შიში და ა.შ. თუ ქალს ამ დროს არ მიეწოდა სათანადო ემოციური მხარდაჭერა, შესაძლოა, მას განუვითარდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ორსულობის შემდეგ, არ არის მხოლოდ პერსონალური პრობლემა, ის ქვეყნის სოციალური, განვითარების და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია. ევროპის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი ათი ქალიდან სამს მაინც აღენიშნება გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები: მომატებული შფოთვა, შიშები, დეპრესიული ფონი, უხასიათობა, უენერგიობა, მომავლის შიში, ყოველდღიური ფუნქციონირების ცვლილება და ა.შ. კვლევების თანახმად, თუ ადრეულ ეტაპზე ხდება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პრევენცია და ამოცნობა, მისი მკურნალობის ეფექტურობა გაცილებით მაღალია, ხოლო გამოჯანმრთელების დრო გაცილებით მოკლე.
რა არის „ბეიბი ბლუ“ და რა განსხვავებაა პოსტნატალურ დეპრესიას შორის?
ე.წ. ‘ბეიბი ბლუ’ არის გუნება-განწყობის დაქვეითების ხანმოკლე პერიოდი. ის გამოიხატება ემოციურობაში, სევდასა და ტირილის სურვილში. გრძელდება მშობიარობიდან დაახლოებით 2 კვირის მანძილზე. ახალბედა დედებისთვის ეს მდგომარეობა ახალია, მათ უწევთ ბევრი ახალი უნარის ათვისება, ამიტომ ბუნებრივია, რომ გაღიზიანება და ემოციური აგზნება თან სდევდეთ, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ეს მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. პოსტნატალური დეპრესია კი გაცილებით ღრმა და გრძელვადიანია. ის დაახლოებით 6 კვირის თავზე ვითარდება და შესაძლოა, გამოიხატოს სუსტი ან ინტენსიური ფორმით.
რა შეიძლება იყოს პერინატალური დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები?
პოსტნატალური დეპრესიის შესახებ ბევრს სმენია, თუმცა ნაკლებმა იცის, რომ დეპრესია ორსულობის დროსაც შეიძლება აღენიშნებოდეს ქალს. თუ ქალს აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობა ორსულობისას ან ბავშვის გაჩენის შემდეგ, განიცდის შფოთვას და დაღლილობას, რის გამოც, შესაძლოა, უჭირდეს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, მათ შორის – საკუთარ თავზე ან სხვებზე ზრუნვა, ეს შესაძლოა იყოს პერინატალური დეპრესია. პერინატალური დეპრესიის ნიშნები შესაძლოა იყოს: დაქვეითებული გუნება-განწყობა და სევდა; მოუსვენრობა და გაღიზიანება; დანაშაულის განცდა, უსარგებლობის და სიცარიელის განცდა; იზოლაციის სურვილი და სხვებთან კომუნიკაციის სირთულე; სურვილების გაქრობა, იმ სურვილებისაც კი, რომელიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა. ასევე, შესაძლოა ქალს ჰქონდეს უმწეობის და უიმედობის განცდა; უემოციობა და ინდიფერენტულობა პარტნიორის, ან შვილის მიმართ.
პერინატალური დეპრესიის დროს ხშირია კონცენტრაციის, მადის, სექსუალური სურვილის დაკარგვა და ძილის პრობლემები – ჩაძინების და გაღვიძების სირთულე, ღრმა ძილის სირთულე. თუ ორსულს ან ახალბედა დედას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სუსტად აღენიშნება, აქვს მსუბუქი შფოთვა, ტირილის სურვილი, ხასიათის ცვალებადობა და ეს სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალი ნელ-ნელა რეაბილიტირდება, ხოლო თუ ეს სიმპტომატიკა არ იცვლება ან მძაფრდება დროის გასვლის მიუხედავად, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. დეპრესიის, შფოთვის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობა/აღიარება, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო რთული იყოს ქალისთვის.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პირველ რიგში, ახალბედა დედა შეიძლება სულაც ვერ მიხვდეს, რომ მისი დაღლილობა, გადაწვა და უგუნებობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ბრალია და არ არის გამოწვეული ახალ როლთან ადაპტაციის მიზეზით. ის შესაძლოა ფიქრობდეს, რომ დედობის საწყისი პერიოდი სწორედაც რომ ასეთია და უჭირდეს გაარჩიოს ნორმა და პრობლემა. დედები ხშირად თავს იდანაშაულებენ, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ ან საკმარისად ვერ ასრულებენ თავიანთ დედობრივ ფუნქციას. ასევე, დედები, ხშირად, თავს შერცხვენილად გრძნობენ, რომ ბავშვის დაბადებასთან ასოცირებული მოსალოდნელი აღფრთოვანება და სიხარული არ ეწვიათ. შესაბამისად, უჭირთ აღიარონ, რომ ნეგატიური განცდები გააჩნიათ და ჰგონიათ, რომ ამის გამო მათ ვინმე გაკიცხავს ან ცუდ დედად მიიჩნევს.
როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი ქალს ოჯახის წევრებმა პერინატალურ პერიოდში?
მშობიარობის შემდგომ ფსიქო-ემოციურ გართულებებს ხელს უწყობს, ასევე, ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა: ფინანსური პრობლემები და კეთილმოუწყობელი საცხოვრებელი პირობები, მხარდაჭერის არქონა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან, პარტნიორთან დისჰარმონიული ან დაძაბული ურთიერთობები, პარტნიორის გულგრილობა. ოჯახის წევრები უნდა შეეცადონ, გამოიჩინონ ემპათია ქალის მდგომარეობის მიმართ, აღმოუჩინონ მაქსიმალური მხარდაჭერა, მიაქციონ ყურადღება მის განცდებს და გრძნობებს, არ გააუფასურონ მისი ემოციები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ.
ასევე, ისინი უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს არ შეუწყონ ხელი და გაგებით მოეკიდონ ქალის შეცვლილ ემოციურ მდგომარეობას. რეკომენდაციები ქალებისთვის: როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე პერინატალური დეპრესიის დროს: