LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადატვირთული ავტობუსები და მეტრო: რა შედეგი გამოიღო მიკროავტობუსების აკრძალვამ

441
new bus06

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიკროავტობუსების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქში გადაადგილება გართულდა. სოციალურ ქსელში გადატვირთული ავტობუსებისა და მეტროს ფოტოები ვრცელდება. მოსახლეობა ამ შეზღუდვას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან არ დაიცავს.

ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აღარ ივლიან- გიორგი გახარია

გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ “კოვიდ 19”-ის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად გარკვეული სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, დარჩა ისეთი დაწესებულებებიც, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას. ისინი, ვისაც ყოველდღიურად სამსახურში უწევთ სიარული, აცხადებენ, რომ ვირუსით დაინფიცირებისგან თავის დასაცავად საჭირო დისტანციას მოსახლეობა ამ გადატვირთული მოძრაობის პირობებში ვერ იცავს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით “ფორტუნა” დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. მათი თქმით, ავტობუსები მხოლოდ იმ მარშრუტებზე დაემატება, სადაც განსაკუთრებით ინტენსიური მოძრაობაა. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეობისთვის მთელი რიგი სერვისების მიწოდება შეჩერდა. შესაბამისად, დღის განმავლობაში ქალაქში ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მათ მომსახურებას კი ავტობუსები და მეტრო გაართმევენ თავს. მერია პროტესტის მიუხედავად, ცვლილებებს არ გეგმავს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ავტობუსებსა და მეტროში ჰიგიენა მაქსიმალურად დაცულია და სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ავტობუსებში მძღოლის სივრცე დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება, მოქალაქეები კი უკანა კარით ისარგებლებენ.

“ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურეობისთვის”, – აცხადებს მერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g