გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 27 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა.
მამაკაცი „ფორდის“ მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ზარანდიას ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე და რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა.
მისი მეგობარი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა საჭესთან ყოფნისას გაითიშა.
ხობში ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და გიგი. ბოლო წლებში თბილისში გადავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, იქ ისწავლა და მუშაობდა. ამ დილას ჩამოვასვენეთ. გიგი 24 წლის იყო, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მეუღლე სამი თვის ორსული მეუღლე ჰყავს.
რა მოხდა რეალურად, რა ვერსიები გაქვთ ახლობლებს?
არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ორი წლის უკან შეემთხვა ძალიან მძიმე ავარია, ძალიან ცუდად იყო, აპარატზე შეერთებული, შეიძლება ახლა გაითიშა მართვის დროს საჭესთან. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უპატიოსნესი ბავშვი იყო.
გამორიცხავთ თვითმკვლელობის ვერსიას?
კადრები ვნახე, ვიცი, ამბობენ, მაგრამ გამოვრიცხავ, ამ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. მომხდარის შემდეგ თბილისში მეც ჩამოვედი, შოკირებულები ვართ ყველა.
ახლა ბოლო პერიოდი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა?
დიახ, ოთხი-ხუთი თვის წინ დაოჯახდა, ათ დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. რემონტი ჰქონდათ სახლში დაამთავრეს, სიმამრს ელოდებოდნენ, შაბათს უნდა ჩამოფრენილიყო. გიგის 22 წლის ძმა ჰყავს და პატარები კიდევ გოგო და ბიჭი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. ბებია ემიგრანტი ჰყავს.