LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარევაჭრობა: უკანონო საქმიანობა თუ შემოსავლის ერთადერთი წყარო

260

გარევაჭრობა კანონით აკრძალული საქმიანობაა, თუმცა აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. გლდანისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია კვლავ გარემოვაჭრეებით არის სავსე. ამ ადგილებში თავისუფლად გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გარეთ გამოფენილ დახლებზე საკვები პროდუქტის გარდა, საოჯახო ნივთებსა და ტანსაცმელსაც შეხვდებით. ფეხით მოსიარულეების ნაწილი ჩივის, რომ აღნიშნულ ადგილებში ანტისანიტარული ნორმები დაცული არ არის. უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლებიც და ამბობენ, რომ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის თავისუფლად გაჩერება უჭირთ. გარევაჭრობის სასტიკი წინააღმდეგები არიან ბაზრის მოვაჭრეები. როგორც ისინი აცხადებენ, მომხმარებლები პროდუქტს გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ და ბაზარში აღარავინ დადის, თუმცა თავის სიმართლე აქვთ გარემოვაჭრეებსაც, როგორც თავად ამბობენ, ქუჩაში უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა. შენობაში შესვლისა და იქ ვაჭრობის სასტიკი წინააღმდეგები არიან, რადგან ყოველდღიური გადასახადი ეძვირებათ.

 

რაც აცხადებენ გარემოვაჭრეები

ქეთევან აბუაშვილი უკვე წლებია, რაც გარევაჭრობით არის დაკავებული. გლდანის მეტროსთან ტანსაცმელს ყიდის. ბანკმა რამდენიმე წლის წინ ბინა გაუყიდა, დღეს შვილთან და 2 თვის შვილიშვილთან ერთად სხვის ბინაში ცხოვრობს და ქუჩაში იმიტომ დგას, რომ ყოველთვიურად ბანკის პროცენტები დაფაროს და პატარა შვილიშვილისთვის საჭმლისა და წამლის ფული გამოიმუშავოს.

“ყოველთვე ბანკის ფული მაქვს შესატანი, ჩემი შვილიშვილის საჭმელი 19 ლარი ღირს, ცალკე წამლებისთვისაც მჭირდება თანხა. პატარა ბავშვს ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება და სახლში რომ დავჯდე, ოჯახი რით შევინახო?!”

ხშირად ხდება ისე, რომ დღის განმავლობაში საერთოდ ვერაფერს ვაჭრობს და სახლში ხელცარიელი ბრუნდება. როგორც თავად ყვება, რამდენიმე დღის წინ მთელი საქონლის ფული დახლიდან ააცალეს.

„19 იანვარს, თან მქონდა ის თანხა, რაც საქონლის მოსატანად მჭირდებოდა, სანამ მომხმარებელს ვემსახურებოდი პატარა ბიჭებმა საფულე ამომაცალეს და გაიქცნენ. იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, სასოწარკვეთილებისგან მანქანას შევუვარდი, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება ყველა აქ იყო, ძლივს გადამარჩინეს.“

ყოველდღიურად მძიმე ტვირთვის ზიდვამ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, მაგრამ საკუთარი თავისთვის წამლის ყიდვას ვერ ახერხებს. გარევაჭრობის აკრძალვის მაგივრად ქეთევან აბუაშვილი ხელისუფლებას სთხოვს დამატებით შემოსავლის წყარო შეუქმნან, რათა ადამიანურად ცხოვრება შეძლონ.

“2012 წელს სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ვაჭრობის მაგივრად აქციებზე დავდიოდი, მეგონა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ, ჩემი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ მიდის.“

ქეთევან აბუაშვილი სიტუაციის გაუარესებას ლარის გაუფასურებას აბრალებს. მისი თქმით, ბაზრის მოვაჭრეების ბრალდებები უსაფუძვლოა და ვაჭრობა არსად არ არის, რადგან ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

იმავეს აცხადებს ქეთევან აბუაშვილის გვერდით მჯდომი გარემოვაჭრე ქალბატონი ხათუნაც, რომელიც ახმატელის მეტროს ამოსასვლელ კიბეებზე ხილს ყიდის. მასაც სხვების მსგავსად ქუჩაში ვაჭრობის გარდა სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს, ბინა ბანკში აქვს ჩადებული, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მოვალეები სახლში აკითხავენ და ვალის დაბრუნებას სთხოვენ, მაგრამ ვალის დაფარვას ვერ ახერხებს.

„პროდუქტი ვალად მაქვს აღებული, მაგრამ ვაჭრობა არ მაქვს და ვალს ვერ ვფარავ, მოვალეები მე არაფერს მეუბნებიან, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილებს სახლში მიუვარდნენ და დაემუქრნენ. ხელისუფლება გარეთ დგომას რომ გვიკრძალავს, მაშინ შემოსავლის სხვა წყარო მოგვცეს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ქალბატონი ხათუნა.

ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

უკიდურეს გაჭირვებას უჩივიან ბაზრის მოვაჭრეებიც, თუმცა გარემოვაჭრეებისგან განსხვავებით, მათ ფინანსურ პრობლემებს დამატებითი გადასახადი ემატება, რომელიც ყოველდღიურად 5 ლარს შეადგენს. ხშირად ხდება ისე, რომ ყოველდღიური გადასახადის გადახდის შემდეგ, ნავაჭრიდან აღარაფერი რჩებათ. ბაზარში ხალხმრავლობა დისკომფორტს ნამდვილად არ შეგიქმნით და ერთადერთი, რაც თვალში მოგხვდებათ დაცარიელებული დახლებია. ბაზრის მოვაჭრეები ითხოვენ, გარემოვაჭრეებმა დაიკავონ დაცარიელებული დახლები, მათაც გადაიხადონ ყოველდღიური გადასახადი და ბაზარი რომ მოვაჭრეებით გაივსება, მომხმარებელი ყველას ეყოლება, დაზარალებული არავინ დარჩება და ქალაქის იერსახეც არ დამახინჯდება.

„ყოველდღე 5 ლარს ვუხდით ბაზრის ადმინისტრაციას, ამას ემატება ის თანხა, რასაც დაცვა იღებს ჩვენგან და თითქმის მთელ ნავაჭრ თანხას ადგილზევე ვტოვებთ. გარეთ მდგომი მოვაჭრეებიც რომ შემოვიდნენ და აქ დაცარიელებულ დახლებზე დადგნენ, ჩვენც გვეყოლება ხალხი და მათაც და პრობლემაც მოიხსნება,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი მოვაჭრე.

 

უსაფრთხოა თუ არა გარემოვაჭრეებისგან ნაყიდი პროდუქტი

გარევაჭრობას, როგორც კანონით აკრძალულ საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტო არ აკონტროლებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ისედაც აკრძალულ საქმიანობას ხელახლა ვერ აკრძალავენ, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ნუ შეიძენენ პროდუქტს ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვის და რეალიზაციის სათანადო პირობები.

 

 

გვანცა ბზიავა

ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g