საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა არის ოპოზიციური პარტიების რეალური მიზანი. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასმულ შეკითხვასა და ოპოზიციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი მოსალოდნელ ცვლილებებს მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების პარლამენტში შესატყუებლად იყენებს, დეპუტატმა უპასუხა, რომ „ოპოზიციის გაუთავებელი წუწუნი და ვერ გაგება იმისა, რა არის მთავარი, ცოტა დამღლელია.“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ირაკლი თუ საუბარია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზე, მაშინ ამას მუშაობა უნდა.
„თუ გინდა მხოლოდ და მხოლოდ პრეტენზიები აცხადო, ხოლო როდესაც ხელისუფლებაში იყავი არცერთი ეს პრეტენზია არ განგიხორციელებია, პირიქით, ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთე, რომ უფრო მეტი ერთპიროვნული მმართველი სისტემა დაგემყარებინა საქართველოში – გასარკვევია, რა არის ოპოზიციის მიზანი, თორემ ჩვენი მიზანი, რაც არის, ზედაპირზე დევს – ვაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი პოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებებს ითვალისწინებს – მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებასა და შესაძლო პოლიტიკური კოალიციის შექმნას, რომელმაც მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.
„თუ რატომ არ მიიღებენ ამაში პარტიები მონაწილეობას, ცოტა აუხსნელია იმიტომ, რომ ეს უფრო ახირების ფორმას იძენს, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკის. 2012 წლიდან, როდესაც გაყალბება აღარაა და ამომრჩევლის ნება ასახულია პირდაპირ, ეს გვიჩვენებს, რომ 50%-ზე გადაბიჯება იოლი საქმე არაა. ამიტომ ვამბობ, რომ არსებობს ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიცია შეიქმნას, “- აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.