“პროცესი ჩაშლილი და დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები ან მათი ნაწილი გააცნობიერებს, რამდენად კონსტრუქციული შეთავაზებები გქვონდა და ამ შეთავაზებებზე წამოვლენ.” – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ გავა დრო და მოქალაქეები გაიგებენ, რომ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული “ქართული ოცნება” იყო.
პაპუაშვილის თქმით, თუ ამ პროცესში ვინმეა გაჯიუტებული, ეს არის ნიკა მელია და ის ორგანიზაცია, რომელიც მას გვერდით უდგას:
” მთავარი, რის გამოც ეს შეთანხმება არ შედგა, გუშინ თავად ჩვენმა ოპონენტებმა განაცხადეს და მოვისმინეთ განცხადება, რომ მათი მხრიდან კომპრომისად აღქმული იყო მათი მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში თუ მედიაციის პროცესში.
როცა მოითხოვენ და მეორე მხარე ამას აკმაყოფილებს, ეს ჰგონიათ მათ კომპრომისი. გავა დრო და მოქალაქეები გაიგებენ, რომ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო “ქართული ოცნება”. დღეს შეფასების დონეზე ნელ-ნელა გესმით და ვხედავთ, თუ ვინ იყო ყველაზე კონსტრუქციული. ჩვენ არ მოგვწონა ის, რომ იყო ულტიმატუმი, არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ თავადაც მეტ- ნაკლებად საუბრობენ ამაზე.” – თქვა პოლიტიკოსმა.
მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, საჭიროა გადაიხადონ გირაო:
“დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი სამართლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამაჯურის მოხსნა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა კანონის დარღვევა და სწორედ ეს არის სიუჯიუტე, რომ თუ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, გირაოს გადახდა. ამას უჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამართლის სისტემას, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადონ გირაო და ეს ადამიანი იქნება დღესვე გარეთ, ამას ულტიმატუმად ასაღებენ.” – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. მედიატორის, კრისტიან დანიელსონის თქმით, 6 პუნქტიდან მნიშვნელოვან პროგრესს მხოლოდ რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს.
