მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
იზა ომაძე ხაზს უსვამს ღალატისა და ბოროტების სიმძიმეს და გარდაცვლილი ახალგაზრდის ღირსებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„გაყიდვის, ღალატის და გაცემის დღეს რომ ბოროტების მხარეს აღმოჩნდები, რა საშინელი ამბავია! გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა! ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს!“ – წერს იზა ომაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 აპრილს, ცნობილი გახდა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – არასრულწლოვანთა კოდექსით გაბაშვილი და რიკაძე 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი – 6 წელსა და 9 თვეს.
