20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდიდან არიან და ისინი ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. არსებული ცნობითვე, ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძეა.
მარიამ დოხნაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს კომპანია „ნეოტექი“ და წერს, რომ მარიამი მათ კომპანიაში იყო დასაქმებული.
„გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გუშინ, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი – მარიამ დოხნაძე.
მარიამი 2022 წელს, სულ 19 წლის ასაკში შემოუერთდა ნეოტექის გუნდს. მას შემდეგ, თავისი პროფესიონალიზმით, სიკეთითა და სილაღით, მან თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი – ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება.
ნეოტექის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
ასევე, გულწრფელად ვუსამძიმრებთ ყველა იმ ახალგაზრდის ოჯახს და ახლობლებს, ვინც ამ ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა“, – აღნიშნულია „ნეოტექის“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ცნობისათვის, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
